logo_geo
eng_logo
რატომ მოკლა ბერიამ საკუთარი ხელით თავის კაბინეტში სომხეთის მეთაური
- +

25 თებერვალი. 2016. 12:48


მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას, როგორც მისი თანამოაზრენი, ასევე მტრებიც, მშვიდ, გაწონასწორებულ ადამიანად ახასიათებენ, რომელიც ემოციებს არ ჰყვებოდა და ყოველთვის გონივრულად მოქმედებდა, მასაც ჰქონდა უკიდურესი აღგზნებულობის მომენტები. ასეთ დროს „ლავრენტი პავლოვიჩი" გამძვინვარებულ ვეფხვს ემსგავსებოდა, რომლისგანაც ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ისტორიკოსი იოსებ აგაფონოვი წერს: ამიერკავკასიის გაერთიანებული რესპუბლიკების ცეკას პირველ მდივნად ლავრენტი ბერიას დანიშვნა თავიდან ბოლომდე სტალინის იდეა იყო. ბელადს ყველაზე მეტად ამ სამი კავკასიური რესპუბლიკისა და მათში შემავალი ავტონომიების ბედი აწუხებდა. ისინი ყველაზე მოუთვინიერებლად მიაჩნდა და ბერია მეთაურად სწორედ მათ მოსათვინიერებლად დანიშნა. ახალგაზრდა, ენერგიული ქართველი ჩინოვნიკი დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს და ყოველგვარი ძალადობისა და რეპრესიების გარეშე, წესრიგი დაამყარა თავის სამფლობელოში. მრავალეროვანი კავკასიის 16-მილიონიან მოსახლეობაში კი, არა მარტო ავტორიტეტი, არამედ სიყვარულიც დაიმსახურა. ბერიას მოჩვენებითმა სირბილემ სომხეთის ცეკას პირველ მდივანს ისე დაუბნელა გონება, რომ ამ გამოცდილმა, ძველმა ბოლშევიკმა თავის უშუალო უფროსს თბილისში ჩააკითხა და ერთგულებისა და ლოიალობის გამოხატვის მიზნით, აგასი ხანჯიანმა პირდაპირ კაბინეტში მიუტანა ძველებური, საკმაოდ ძვირადღირებული სპარსული ხალიჩა. სტუმარი ბერიას სამი ხელქვეითის თანხლებით ეწვია, რომლებმაც მძიმე ხალიჩა კაბინეტში შეიტანეს, თავად კი სასტუმროში წავიდნენ. ბერიამ ნივთს თვალი შეავლო და ხანჯიანს ჰკითხა:


- ეს რა არის, თანაც ისეთი მძიმე, რომ ძლივს შემოიტანეს?

- ეს, ლავრენტი პავლოვიჩ, ძველებური სპარსული ხალიჩაა და მთელი სულითა და გულით მოგართვათ სომეხმა ერმა, - ეშმაკურად მიუგო ბერიას ხანჯიანმა, რომელიც შეგნებულად ლაპარაკობდა მთელი ერის სახელით.


- ალბათ, ძალიან ძვირია...


ხანჯიანს მლიქვნელურად გაეღიმა და ბერიას უთხრა:


- მეგობრობა შეუფასებელია, ლავრენტი პავლოვიჩ...


- მართალი ხართ, ამხანაგო აგასი და ეს ძღვენი ჩვენი ერების უთრიერთსიყვარულის ნიშნად, ბინას სახელმწიფო მუზეუმში დაიდებს, - მოკლედ მოუჭრა ბერიამ სტუმარს, რითაც აგრძნობინა - ქრთამს არ ვიღებო. შემდეგ კი მას თავის რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებზე დაუწყო გამოკითხვა. ხანჯიანმა ბერიას ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ბოლოს კვლავ ქართულ-სომხურ მეგობრობაზე ჩამოუგდო სიტყვა. ბერია თავად იყო სხვების „გამაბრუებელი", რომ იტყვიან „შემბმელი" და ბრწყინვალედ ფლობდა ამ ხელოვნებას. ამიტომ არ გამოპარვია, რომ აგასი ხანჯიანი რაღაც სერიოზულის სათქმელად ამზადებდა ნიადაგს და ხალიჩაც ამიტომ ჩამოუტანა. შუა საუბრისას ხანჯიანი ტერიტორიების საკითხს შეეხო და ბერიას უთხრა:


- ლავრენტი პავლოვიჩ, ჩვენ, სომხებს, ძალიან მცირე ტერიტორია და მოუსავლიანი მიწები გვაქვს. მთელი ერის სახელით უმორჩილესად გთხოვთ, რომ ამხანაგ სტალინთან გვიშუამდგომლოთ, რათა ბელადმა ჯავახეთი გადმოგვცემს, რომ უფრო ნაყოფიერად და ერთგულად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს.


ამ ფრაზის წარმოთქმისას კაბინეტში სერგო გოგლიძე შევიდა, რომელიც ბერიას ერთგული თანამშრომელი და უახლოესი მეგობარი იყო და დაუკაკუნებლად შედიოდა მასთან. მოგვიანებით, როდესაც ბერიას საქმეზე გოგლიძე დაჰკითხეს და ამ ეპიზოდზე ჩვენება ჩამოართვეს, მან დაწერა: „ლავრენტი პავლოვიჩი ცარცისფერი გახდა და ნიკაპი აუკანკალდა. შემდეგ კი, რადგან მან მშვენივრად იცოდა სომხური ენა და როგორც მოგვიანებით თავად გადამითარგმნა, ხანჯიანს სომხურად უღრიალა:


- ნაძირალავ! ქართული მიწები მოგინდა? თანაც, ჩემი ხელით გინდა, გამოსტყუო სტალინს?!


ხანჯიანი ამ სიტყვებზე ბერიაზე მეტად გაფითრდა. ენა პირში ჩაუვარდა და მთელი ტანით აცახცახდა, თან ისე გაოფლიანდა, სამოსიდან წვეთები იატაკზე ეცემოდა. ლავრენტი პავლოვიჩმა ზიზღნარევი მზერა ესროლა სტუმარს. შემდეგ, ჩემთვის მოულოდნელად, საწერი მაგიდის უჯრიდან შავი ფერის „ნაგანის" სისტემის რევოლვერი ამოიღო. ხანჯიანს მიუშვირა, ორჯერ ესროლა თავში და თან დააყოლა: „ჩაძაღლდი, შე ნაძირალავ!.." შემდეგ ერთბაშად დაცხრა. იარაღი თავის ადგილზე დააბრუნა და მითხრა:


- სერგო, ეს ლეში თავისსავე მოტანილ ხალიჩაში გაახვიეთ და რომ შებინდდება, წაიღეთ და სადმე ქალაქგარეთ, ძაღლივით ჩააგდეთ ორმოში...


მე და ჩემმა ხელქვეითებმა ზუსტად შევასრულეთ ბრძანება და აგასი ხანჯიანის სპარსულ ხალიჩაში გახვეული ცხედარი სოღანლუღის მინდორზე, ღრმა ორმოში ჩავმარხეთ..."


გოგლიძის თქმით, უგზო-უკვლოდ გაქრა ხანჯიანის თანმხლები სამი პირი. ისინი უფროსს სასტუმროში ელოდებოდნენ და მათი ლიკვიდაცია, ბერიას ბრძანებით, ქართველმა ჩეკისტებმა განახორციელეს.


როგორც გახსნილი, ისტორიული არქივებიდან დასტურდება, „ხანჯიანის საქმე ბერიამ პირადად სტალინთან მოაგვარა კრემლში. რამდენიმე დღეში სომხეთში ახალი ხელმძღვანელი დანიშნეს, რომელიც პირადად ბერიამ წარადგინა, ხანჯიანი კი ხალხის მტრად გამოაცხადეს.


აშკარაა, რომ „ხანჯიანის საქმე" ძლევამოსილ ბერიას ყოველგვარი მკვლელობის გარეშე შეეძლო, მოეგვარებინა, მაგრამ ერთი მხრივ, ის უკიდურეს ემოციას ვერ გაუმკლავდა, მეორე მხრივ კი, ქართული მიწების მოსურნე საკუთარი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner