logo_geo
eng_logo
ნაპრეზიდანტალ მიქაელის ზმანებანი!
- +

28 იანვარი. 2019. 01:42

 

 

პოლიტიკური ნოველა

 

ბალიშიდან ძლივს წამოსწია გოდორივით თავი, რაც საპრეზიდენტო არჩევნები წააგო საქართველოში, რაღაც არაორდინალურ სიმძიმეს გრძნობს ტვინის არეში, თითქოს უამრავი მატლი და ჭია-ღუა ფუთფუთებს. არის პერიოდი, როცა სასიამოვნოდ უღიტინებენ, მაგრამ უმრავლეს დღეებში სიგიჟემდე მიჰყავს სიმძიმეს. ადრე, სანამ თავად იყო პრეზიდენტი, მხოლოდ ღიტინს განიცდიდა, ეხლა კი, ეეეჰ, გიამაც გაასხა ბატის ჭუკივით, ვერ მიაწვა ოლიგარქს ბოლომდე, ვერ გაიტანა ლელო მის სასარგებლოდ. არადა, როგორი იმედით იყო აღსავსე, რამდენი ფული დახარჯა. თავისი ნება რომ იყოს, მიაფურთხებდა ყველას და ყველაფერს, გადაიკარგებოდა რომელიმე უკაცრიელ კუნძულზე და იცხოვრებდა რობინზონ კრუზოსავით, თვითონ იქნებოდა მუშაც, გლეხიც, ინტელიგენტიც და პრეზიდენტიც, მაგრამ რა ქნას, რომ არ ასვენებენ? იქით სანდრა ჩასჩიჩინებს, ისევ პირველი ლედობა მინდაო, ათი წელიწადი ცოტა იყოვო, არ მეყოვო... აქეთ ძია თემური უტრაკებს დღენიადაგ, ისევ ძალაუფლება მწყურია, ბოლომდე ვერ გავისწორე, ციხეში ჩასალპობი ჯერ კიდევ ბევრიაო... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორია, ასეთი თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის სიდედრის კალთის ქვეშ ყოფნა? ბოლო-ბოლო, კაცია თუ "პროპკა"? რაც ჰოლანდიაში ჩასახლდა იძულებით, სიდედრს ავადმყოფობამ დარია ხელი, მაგრამ მაინც ხშირად გრძნობს მის წყენანარევ მზერას, რომელიც აშკარად ეუბნება: წადი, მიქაელ, დაბრუნდი სამშობლოში, ხილვები მაქვს, ხალხი საშველად გიხმობსო. სიმამრი უფრო თავშეკავებული კაცია, ზის მთელი დღე და ხმას არ იღებს, თითქოს არაფერი აინტერესებს. პერიოდულად მხოლოდ იმას კითხულობს, შვილიშვილს ედუარდი მართლა მის საპატივსაცემოდ დავარქვით თუ შევარდნაძესთან დაახლოების გამო? ჰმ... ძალიან ეჭვიანია ბებერი ჰოლანდიელი, მართალია, ერთ შვილს ედუარდი შევარდნაძის პატივსაცემად დავარქვით, მაგრამ ხომ არ გავუმხელთ? სულ ვარწმუნებთ, რომ მისი სიყვარულის გამო გადაწყვიტა სანდრამ ასე.

 

მიქაელი საწოლზე წამოჯდა, ფლოსტებში გაუყარა ვეება ფეხები და ისევ ფიქრებში ჩაიძირა. არა, მაინც როგორ გაასხა ბატის ჭუკივით გია ვაშაძემ? ვერ ივარგეს, ვერა... არადა, როგორ ხატავდნენ სიტუაციას, ახალ წლამდე ოლიგარქს გავაქცევთ საქართველოდანო. რას ჰქვია, გააქცევთ-მეთქი? მე ეგ უვნებელი და გაუქცეველი მჭირდება, ფულები უნდა დავაყაჭინო-მეთქი. გოგიტა ვაშაძე მპირდებოდა, გაკოჭილს ჩაგაბარებო... მაჭუტაძე იძახდა, ცხენის კუდზე გამოვაბამ და ისე მოგითრევო... ბაჩუკი ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა, სოლოლაკშივე უნდა დაეპატიმრებინა... პაატა დავითაიამ დაიჟინა, თავი უნდა გადავპარსოვო... ყველამ  მიღალატა, ნაცარქექიები გამოდგნენ ყველანი, უქნარა მაიმუნები, ტყუილად კი არ მეუბნებოდა ძია თემური, ქართველ ხალს თავზე თუ არ უქენი, ისე არაფერი გამოვაო. არა, ფული ხომ წაიღეს ბლომად? თუ ღმერთმა ქნა, თუ ძალაუფლება დავიბრუნე, პირველ რიგში კეზერაშვილი უნდა წავკუზო, მერე ადეიშვილსაც მივაყოლებ ზედ, ლამის მთელი ქვეყანა ჩავუგდე მაგათ ხელში, მაგ ძონძებს და ეხლა მეუბნებიან, ფული აღარ გვაქვსო. არადა, ეს ბიძაჩემიც მაგრად გაწუწკდა, როდემდე უნდა ვხარჯო მილიონებიო? ბოლო-ბოლო, მივცემ ერთ მილიონს ვინმეს და გავაგორებ ბიძინასო. ეეეჰ, მაგაზე მეც თანახმა ვარ, მაგრამ ქართველების ამბავი რომ ვიცი, მეორე დღესვე გმირად გამოაცხადებენ. ველაპარაკე ამ დამთხვეულ ხალხს, უარი თქვით საბანკო ვალებზე, დამაბრუნეთ, მაგ ფულს წავართმევ და მე გადაგიხდით-მეთქი. არ დამიჯერეს, მაინც აიღეს, გაინულეს ვალები, გაიყიდნენ კიკუებივით. არა, თუ საქართველოში დავბრუნდებოდი, მერე ჩემ ფეხებს გავუნულებდი, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ აღარ სჯერათ ჩემი? ადრე ყველაფერი სჯეროდათ, რა სისულელეც არ უნდა მეთქვა, ტაშს მიკრავდნენ.

 

მიქაელი ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია. ძია რეკავს. ეხლა ესეც დაიწყებს ტვინის ბურღვას, მოაგროვე ემიგრანტები, წადი აშუშუში, მოიარე ყველა შტატი, ნახე შენნაირი გიჟები და დახვიე საქართველოშიო. წადი, მოიარე და დაახვიე კარგია, ამათაც თუ არ უქენი თავზე, შენ გგონია, წამოგყვებიან? მერე ყველას უნდა დაპირდე რაღაცას, თითქმის ყველას თანამდებობა უნდა, მინისტრობა და მოადგილეობა... დავპირდები, განა არ დავპირდები? რატომაც არა, მაგაზე მაგარ რაღაცებს დავპირებივარ და მერე ბევრიც გადამიგდია, მაგრამ მაგასაც დრო და ნერვები უნდა. ხშირად მიკვირს, რა ოვსილა აქვს ამ ბიძაჩემს? რა, მე ხომ ვარ ენერგიული, ეგ ჩემზე მაგრადაა მონდომებული, ერთი წუთითაც არ ისვენებს, სულ გაიძახის, სახში მინდა, სახშიო, ქართველ ხალხს დედა უნდა მოვუტ...ნაო.

 

- ალო, გისმენ, ძია, რავა ხარ? - მაინც უპასუხა მიქაელმა ბიძას და მოკითხვაც კი დაასწრო.

 

- რავი, ვარ, რა... რა ქნა დამპალმა გვარამიამ, რას ვაპირებთო? - ამოიხრიალა თემურმა ტელეფონში.

 

- კი, ვაპირებთო... ამ გაზაფხულზე საქართველოს ახალი ხელისუფლება ეყოლებაო, მაქსიმუმ მაისამდეო.

 

- აუუუ... ახლა მაისიო, ხო? ვატყობ, ამ მელაძემ ისევ ჩაისვარა, ძველებურად ვეღარ ქაჩავს, ეგ ჩემისა!

 

- ეგეთები არიან, სათრევები, ყველას ხელი აქ გამოწვდილი და ფული, ფულიო, იძახიან.

 

- ნახე, იმ დამპალმა დედაკაცმაც რეები იკადრა?

 

- ვინ, ელისომ?

 

- ჰო... გითხარი, ნუ ენდობი-მეთქი!

 

- სხვა არჩევანი მქონდა?

 

- არა, ნუ, როგორ დაერჭო სალომეს პრეზენტაციაზე, ნახე? - გამოსცრა კბილებში თემურმა.

 

- ვნახე და ეგრევე მივხვდი, რომ გაგვყიდა... ბოლოს ვეღარ გადავუხადეთ და ეხლა ცდილობს, ოლიგარქის ბუნაგში შეძვრეს. თურმე ნიკა გვარამიას ეუბნება, ეს ტაქტიკური მონახაზიაო, მაგრამ აღარ მჯერა მაგათი ტაქტიკისა. თან გამოეთრევა ხოლმე და მაკრიტიკებს, მე აღარაფერს მითანხმებო. ესე იგი, სკაიპში რომ ჩავერთობი, მაგას უნდა შევუთანხმო?!

 

- ეგრე გააბლატავე და რაღა გიკვირს?

 

- როგორც დიდმა შოთამ თქვა, ჩვენ სახშიც დადგება გაზაფხული და მერე აქეთ დამიწყებენ ყიყინს, - ჩაიქირქილა მიქაელმა.

 

- რომელმა შოთამ, მალაშხიამ?

 

- არა, რუსთაველმა.

 

- ერთი ეგ არი კიდე გამოქლიავებული!

 

- ვინ, ძია, რუსთაველი?

 

- მალაშხიაზე გეუბნები... რა ვიცი, რუსთაველია თუ გორელი?!

 

- ჰოოო, ეგეც მაგარი დებილია, დაჯდება ხოლმე ტელესტუდიაში და ლაპარაკობს კაი კაცივით!

 

- მოკლედ, შენ როდის მიდიხარ ნიუიორკში?

 

- ხვალ გავფრინდები, ემიგრანტები უნდა მოვაგროვო და დავარწმუნო, რო სახში ერთად წავიდეთ.

 

- ცოტა მკაცრად დაელაპარაკე, კუდს ნუ უქიცინებ, უთხარი, ყველა მილიანრებს გაგხდით, ოლიგარქს წავართმევ და დაგირიგებთ-თქო!

 

- უკვე ვუთხარი და ამიტომაც მელოდებიან მოუთმენლად.

 

- აბა, საქართველოში ბოლომდე ჩაისვარეს და სხვა გზა აღარ გვაქვს, ამ გაზაფხულზე უნდა შევესიოთ ოლიგარქის სასახლეებს!

 

- კაი, წავედი, თავი მისკდება, ცოტა თუ არ გადავკარი, რაღაც ვერ ვარ "ხოდზე".

 

- ნუ მომჩვარდები ხოლმე, როგორმე უნდა გავარღვიოთ ოლიგარქის მოჯადოებული წრე... თუ არა და ერთი ტყვიას მაგისთვისაც მოიძებნება!

 

- ჰოოო, კარგი, ნუ იძახი ხოლმე ეგეთ რაღაცებს, ხო იცი, გვისმენენ, - წაიჩურულა მიქაელმა და ტელეფონი გათიშა.

 

არა, ნუ, არა, რააა, არ იქნება ამ კაცის გამოსწორება, ლამის ყვავს აჯობოს ასაკით და მაინც ვერ ისვენებს. პრინციპში, ვერც მე ვისვენებ, მამული მეძახის... მამული, რომელიც განსაცდელშია. კვიცი ბიძაზე ხტისო, სწორედ ჩემზეა ნათქვამი... კვიცი ბიძაზეო? მე მგონი, ცოტა სხვანაირად თქვა დიდმა მაჭუტაძემ კი არა და... დიდმა გალაკტიონმა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? არა, არა, ემიგრანტები თუ არ ავყარე, საქართველოში ყველა ცუცურაკობაზე დგას, არავინ აღარ არი სანდო. ხან იმ ჭკუაზე ვდგები, ჰალსტუხის ღეჭვა მინდება. ეეეჰ, ვერ დამაფასეს, არ მაფასებენ... არადა, რა კარგად წერს ერთი ემიგრანტი ჩემზე:

 

"ძვირფასო მინისტრებო, მთავრობის წევრებო, ქოცებო, ვიცი ამის წარმოდგენაც კი ზარავს ივანიშვილს, მაგრამ ერთი წუთით, სულ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღესაც გაიღვიძა, აწია თავისი კორუმპირებული თავი, ჩადო ის ერთი ადგილი სავარძელში, ჩართო ტელევიზორი, გადართო საძულველ რ2-ზე და რას ხედავს: ლაივია, საქართველოს საზღვარს ემიგრანტთა არმია მოადგა - მთელი მსოფლიოდან... საყვირებით, ყვავილებით, დროშებით მოდიან, მიშასთან ერთად... მშვიდად გადმოკვეთეს საზღვარი, შეუერთდნენ იქვე მყოფ ათასობით ადამიანს და დაიძრნენ... წნევამ ხომ არ აგიწია, ბბ? გზად მხარდამჭერები უერთდებიან ქალაქებიდან და სოფლებიდან. უერთდებიან იმედგაცრუებული გლეხები, მოტყუებული ფერმერები, დაჩაგრული პენსიონერები, უპერსპექტივო ახალგაზრდები"!

 

მაგარი წერილია, უუუმაგრესი... სწორედ ასე უნდა მოხდეს, ის დღე შორს აღარაა, როცა მე მთელ საემიგრანტოსთან ერთად, მილიონობით ქართველთან ერთად დავიძვრები საქართველოსკენ, თეთრ ცხენზე ამხედრებული, მივადგები სარფს, ვითარცა ნაპოლეონი, ჭოგრიტით გავხედავ საზღვარს და ამაყად დავსჭყივლებ: აბა, გიაურო, მოვდივარ და დამხვდი!

 

- მიქაელ! - გაისმა ქალის ხმა კართან.

 

- აუუუ... ამან კიდე ხო ცალკე შემცა, რააა! - გამოერკვა უცებ ტკბილი ზმანებიდან მიქაელი და რეიტუზი ამოიცვა.

 

კარი გამოაღო. ზღურბლზე სიდედრი იდგა ჰუსართა ოფიცერივით, ოღონდ ხელში ხიშტის ნაცვლად ჯიყა ცოცხი ეჭირა.

 

- მიქაელ, ეზოში ჭადრის ფოთლები ჩამოცვივნულა... წუხელ საშინელი ქარი იყო.

 

- კარგი, თავი მისკდება, გამაყუჩებელს დავლევ და მოვგვი, - მიუგო მიქაელმა და ოთახში ბუზღუნით შეტრიალდა.

 

ჰმ... საშინელი ქარი იყოო. მიქაელს კიდე ეგონა, რომ მის თავში იყო ქარიშხალი, სეტყვა და თოვლი. საწერი მაგიდის უჯრა გამოაღო, "ანალგინი" იპოვა, ერთი ცალი ენის წვერზე დაიდო და ჭიქით წყალი მიაყოლა. ოთახის კუთხეში კედები ეყარა, ფეხები ეგრევე წაჰყო და ეზოში გავარდა, სადაც ქარს ჭადრის ფოთლები მიმოეფანტა. სიდედრი იქვე იდგა ჰუსართა ოფიცერივით, ოღონდ ხელში ხიშტის ნაცვლად ცოცხი ეჭირა.

 

გელა ზედელაშვილი

 

"საერთო გაზეთი"

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner