ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ხურჩაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ეს იყო ერთჯერადი მკვლელობა".
„ბატონი პაატას განცხადებებზე განმარტებას ვერ გავაკეთებ, თავად პაატას უნდა ჩაეკითხოთ ალბათ, მოთხოვოთ განმარტებები. რაც შეეხება ფაქტს, ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენ ვსაუბრობთ არჩევნებზე და სხვა რამეებზე, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ყველაფერი არის მეასეხარისხოვანი. პირადად ჩემთვისაც ძალიან მძიმეა ფაქტი, რადგან მე და ჩემს ოჯახს გამოვლილი გვაქვს და ვიცით, რამდენად მძიმეა როცა ოჯახის წევრს გიკლავენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოჯახს დავეხმაროთ, შვილებს შევუმსუბუქოთ ეს ყველაფერი. მაგრამ ეს იქნება მინიმალური იმ ტკივილთან, რაც ამ ოჯახს გააჩნია ამ ადამიანის დაღუპვით. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, დამნაშავე დაისაჯოს. როგორც ვიცი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები დე ფაქტო მთავრობასთან", - განაცხადა კახა კალაძემ.