ვენესუელაში 30 იანვარს და 2 თებერვალს მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციის გამართვისკენ მოსახლეობას ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ მიმართა, რომელმაც თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა.
როგორც გუაიდომ „Twitter“-ის გვერდზე დაწერა, „30 იანვარს მასშტაბური აქცია გაიმართება. მოვუწოდებ ვენესუელელებს, ქუჩაში გამოვიდნენ. შევხდებით ოთხშაბათს. აქციის მიზანი ჰუმანიტარული დახმარების მიღება, უზურპაციასთან და ადამიანის თავისუფლებისთვის ბრძოლაა“,-დაწერა გუაიდომ.
კიდევ ერთი აქცია ვენესუელაში 2 თებერვალს გაიმართება.
ვენესუელაში მასშტაბური პროტესტი 2018 წლის მაისში, ნიკოლას მადუროს გაპრეზიდენტებამ გამოიწვია.
აქციების დროს ოპოზიციის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია და ფიციც დადო.
ნიკოლას მადურომ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც ვაშინგტონმა გუაიდოს მხარდაჭერა გამოუცხადა. აშშ-ის გარდა ხუან გუაიდოს მხარს უჭერენ: კანადა, ბრაზილია, პარაგვაი, კოლუმბია, პერუ, ეკვადორი, კოსტა-რიკა, ალბანეთი, დანია, საქართველო, არგენტინა, ჩილი, პანამა, უკრაინა, ისრაელი, ავსტრალია.
25 იანვარს მადურომ აშშ-ში ყველა საკონსულოს და საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
მადუროს მხარს რუსეთის ფედერაცია უჭერს, ასევე ბოლივია, ურუგვაი, სალვადორი, ნიკარაგუა, კუბა და თურქეთი.
საპროტესტო აქციები ვენესუელაში 21 იანვარს დაიწყო და ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემით, დაკავებულია 791 ადამიანი, დაღუპულია 29.