ახალი წელიც გადავაგორეთ, შობაც, ძველით ახალი წელიც, ნათლისღებაც, მაგრამ გრიგოლა ვაშაძე, საქართველოსთვის თავის გაწირვას რომ აპირებდა, არსად გამოჩენილა, თამადადაც კი არსად მინახავს და წარმოიდგინეთ, ჩემთვის მოსალოცად სმს-იც კი არ გამოუგზავნია.
როგორც მატყობინებენ, გრიგოლ ვაშაძეს ღორის ვირუსი ამ სეზონზე ჯერ არ შემხვედრია. ზის თურმე და აქტიურად აჯამებს არჩევნებში დახარჯულ თანხებს - აკლებს, უმატებს და რა გამოდის? - ზარალში გადავარდნილაო, ამბობენ.
ერთი სიტყვით, როგორც ირკვევა და როგორც ინფორმირებული პირები მეუბნებიან, გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტობა ისევ და ისევ თავისი ჯიბის გასასქელებლად, საკუთარი ბიზნესის გასაძლიერებლად ჩაუფიქრებია.
მოგეხსენებათ, ვაშაძეს ბიზნესები რუსეთში აქვს, როგორც ღვინის ექსპორტ-იმპორტზე მუშაობს, ასევე ღვინის წარმოებაზე. ამის გარდა, სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებიც ჰქონია რუსეთის ტერიტორიაზე.
საპრეზიდენტო არჩევნებში პირველსა და მეორე ტურში ძირითადი თანხა მისი ბიზნესებიდან წამოსულა. ამ ბიზნესებს კი თურმე ძირითადად ხელმძღვანელობს ვაშაძის ვაჟი ნოდარ ვაშაძე, რომელსაც, როგორც მითხრეს, სულ ტყუილად დააბრალეს გონებაჩლუნგობა. მეტიც, ის საუკეთესო მენეჯერი ყოფილა და მამის კიდევ ერთი ავანტურისტული ნაბიჯი პოლიტიკაში, ძალიან არ მოსწონდა თურმე. მამა-შვილს შორის უკმაყოფილება ბოლო ხანებში სწორედ მამის პოლიტიკური ზრახვები ყოფილა, რომელმაც დიდძალი თანხები შეიწირა და ფაფუ, სულ ტყუილად. გრიგოლი მშრალზე დარჩა.
როდესაც "ნაცმოძრაობაში" პრეზიდენტობის კანდიდატურა იხილებოდა, კობა ნაყოფიას და სხვა ბიზნესმენ ნაცებსაც შესთავაზეს თურმე - იყარეთ კენჭიო, მაგრამ ფულით გამძღარ "ნაციონალებს" ჩაუქირქილებიათ: ეგღა გვაკლია, წასულ მატარებელს გავეკიდოთ და მილიონები ვხარჯოთ ისეთ საქმეზე, რომელიც ან გამოვა ან არაო. გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისის მერობისთვის რომ 100 000 დოლარი დახარჯა თავისი ვაჟის ჯიბიდან, ვინმემ აუნაზღაურაო? - უკითხავთ.
მარტო ვაშაძეს უფიქრია რუსული ანდაზის თანახმად: ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვამსო და ამ არჩევნებშიც თავდაყირა გადაშვებულა.
ყველას გვახსოვს, პირველი ტური რომ დამთავრდა, გრიგოლი გაფითრებული სახით წარსდგა ტელეკამერების წინ და გამოაცხადა: არავითარი ზეიმი, მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებითო.
მიშაც ჩაერია მაშინ ამ ამბავში და მოუწოდა თურმე ემიგრანტების შეხვედრებზე გაკეთებულ განცხადებებში შეძლებულ "ნაციონალებს" - ფინანსურად დაუჭირეთ მხარი ჩვენს კანდიდატს - გრიგოლ ვაშაძესო. ცხადია, მიშას თავისი ინტერესები ჰქონდა ვაშაძის გაპრეზიდენტებაში. თუ გრიგოლი პრეზიდენტი გახდებოდა, სააკაშვილს შეწყალებას ჰპირდებოდა, რაც თავისთავად ცხადია, საქართველოში მის უსაფრთხო ჩამოსვლას და აქ გაჯირითებას უზრუნველყოფდა.
როგორც ამბობენ, "გლავარ" ნაციონალებში მიშას ავტორიტეტი ნულზე დაეცა. მას სერიოზულ საქმეებს აღარ ანდობენო და სააკაშვილის თხოვნის მიუხედავად, არც ვაშაძის საქმეზე შეუწუხებიათ თურმე დიდად თავი. ის კი არადა, სააკაშვილის უმდიდრეს ძმას, რომლის ქონება თურმე 50 მლნ. აჭარბებს, ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 70 000 ლარი ძლივს გაუმეტებია. ეს იყო აბუჩად აგდებული ვა-ბანკი, თუ გაუმართლებდა ვაშაძეს, ხომ კარგი, თუ არადა, ისედაც ყველასთვის სულ ერთი იყო ვაშაძე და მისი პრეზიდენტობაო.
გვიან მიმხვდარა ამას ბატონი გრიგოლი, ფაქტობრივად, არჩევნების მერე "გამოფხიზლებულა", ჯიბე რომ შექესატებია და ავტორიტეტიც რომ თანდათან გამქრალა საცერში მოგროვებულ ქვიშასავით, მაშინ წაუყენებია ულტიმატუმი პატარა ვაშაძისთვის და "დიდი" ნიკანორისთვის: ამომაღებინეთ ის ფული, რაც დავხარჯე, თორემ ბევრ საიდუმლოს გავთქვამო.
დაფაცურებულან ბიჭები, რა ვქნათო და როგორც ყველა გზა მიდის რომში, ისე მიდის ნაცების გზა ბიძინა ივანიშვილთან - ხან ლანძღავენ, ხან ფულის სათხოვნელად მიდიან, როგორც პაატა ბურჭულაძე და როგორც ბევრი სხვა. აღარ ჩამოვთვლი ყველას. ხოდა, ივანიშვილთან შეხვედრა გადაუწყვეტიათ.
უძებნიათ გზები "ბიჭებს". რა ხერხი, რა დესპანები არ გამოუყენებიათ, მაგრამ არავინ მიუკარებია ბიძინა ივანიშვილს. არადა, გრიგოლ ვაშაძე აბარებდა თურმე დესპანებს: მომცეს ფული და გავქრები ქვეყნიდანო. რომ ვერაფერს მიაღწიეს, ნაცები აგრესიაზე გადავიდნენ ინაუგურაციის დღეს და მიიღეს "დამსახურებისამებრ", მაგრამ მაგათ გინდა ფეხი მოფხანე, გინდა თავი, სულ ერთია. აი, გრიგოლი კი სერიოზულ დეპრესიაში ჩავარდნილა და უკვე მეოთხე კვირაა, არსად არ ჩანს.
როგორც ამბობენ, "ნაციონალური მოძრაობის" ბედ-იღბლის გამგებელი ახლა თემურ ალასანიაა. ის გეგმავს თურმე მომავალი მოქმედებების პერქსპექტივებს, რომლის შესახებაც "ნაცმოძრაობის" მხოლოდ რჩეულმა, ერთი-ორმა ადამიანმა იცისო. რადიკალურ ზომებს აპირებენ პარტიის შიგნითო და არავინ უწყის, ვის რა ბედი ელოდება, ვინ აღზევდება და ვის დააჯდება "სიკვდილის ბუზიო".
ჩვენც, შესაბამისად, ჯერჯერობით, არ ვიცით, რა მოიხარშა კგბ-ს გენერლის გონებაში, მაგრამ ერთი კი ცხადია, ამ არჩევნებში ნაცების წახდენით საბოლოოდ წახდა მათი ავტორიტეტი მომხრეების თვალშიც და მადლობა ღმერთს, ქართველ ხალხს და ერთ ჭკვიან კაცს, რომ "ნაცმოძრაობა" თანდათან ისტორიის კუთვნილება ხდება.
ირანდა კალანდაძე
"საერთო გაზეთი"