logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: თუ გვინდა მეტი ევროპა, მეტი უნდა ვიბრძოლოთ
- +

28 იანვარი. 2019. 21:32

 

„თუ გვინდა მეტი ევროპა, მეტი უნდა ვიბრძოლოთ“, – ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, სადაც ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.

 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს სჭირდება ახალი ინსტრუმენტები, პირველ რიგში ეკონომიურ სფეროში, რომ მეტი დახმარება და მეტი პროგრამები იყოს ევროკავშირის მხრიდან.

 

„ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი, როცა ჩაივლის ევროკავშირის პარლამენტის არჩევნები მაისში. შემდგომ შეიქმნება ახალი კომისია, ახალი საბჭო და ისინი მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ პერიოდში ჩვენ უნდა წარვადგინოთ ჩვენი მოსაზრება, რომ ასოცირებული ქვეყნებისთვის შესაძლებელია სპეციფიკური ინსტრუმენტი იყოს მოფიქრებული.

 

ამაზე ჩვენ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, ადვილად არ მოგვცემენ, რადგან ეს ნიშნავს დამატებითი რესურსები, მაგრამ ეს არის საბრძოლველი. თუ გვინდა მეტი ევროპა, უნდა მეტი ვიბრძოლოთ. ეს არის ჩემი დასკვნა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო ახლახან გაერთიანდა ტრანსპორტის ქსელში, რითაც ქვეყანა ხდება დიდი საინვესტიციო პროგრამის მონაწილე.

 

„ეს პროგრამა მოიცავს სამ მილიონ ნახევარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თანხები უკვე არსებობს. ეს თანხები არის მოსაძიებელი, ოღონდ ევროკავშირის დახმარებით. ევროკავშირი დგას ამ საინვესტიციო პროექტების უკან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თვით საქართველოს ტერიტორიაზე გზებისა და სხვა ლოჯისტიკური ცენტრების კუთხით.

 

ასევე, ბრიუსელში მე პრიორიტეტად წარვადგინე, რომ ჩვენსა და შავი ზღვის მეორე მხარეს შორის, დიდი ხნის პროექტები, რაც არსებობს გადაადგილების, გადაზიდვების გაადვილებისთვის, ამოქმედდეს და დატანილი იყო ამ საინვესტიციო რუკაზე. ამაზე არ იყო წინააღმდეგობა, არის კიდევ სალაპარაკო. დღეს იმყოფება საქართველოში სწორედ სატრანსპორტო და მობილურობის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი და მასთანაც იქნება სალაპარაკო. ეს არის მუდმივი პროცესი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს სამუშაოა, რომ ევროკავშირში წარდგენილი იყოს ყველა ის მიმართულება, სადაც ქვეყანა უფრო მეტ მონაწილეობას მიიღებს.

 

„არაფერი არ არის ერთ დღეში გაკეთებადი. ჩვენ ვართ მაგალითი იმის, რომ ევროპოლში გაგვაწევრიანეს, თუმცა არ ვართ ევროკავშირის წევრი. ასეთი სხვა მაგალითები არსებობს. ჩვენი სამუშაოა, რომ წარვუდგინოთ ევროკავშირს ყველა მიმართულება, სადაც მოვითხოვთ, რომ მივიღოთ უფრო უშუალო მონაწილეობა. ეს ეხება ასევე უსაფრთხოების საკითხებს. ამ სფეროში მონაწილეობა გვაძლევს უფლებას, რომ ბევრად უფრო მეტი მოვითხოვოთ უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში. ეს საკითხი განხილული იყო ქალბატონ მოგერინისთანაც“,- განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ეკუთვნის მეტი ადგილი კულტურის სფეროშიც.

 

„ჩვენ თუ დღეს, ახლა ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ევროპის კულტურის სრული წევრი. ამისთვის ჩვენ გვაქვს ყველა მონაცემი, გვაქვს მდიდარი კულტურა, რომელსაც ნელ-ნელა ვაჩენთ ევროპაში. ეს ნელ-ნელა უნდა გადაიქცეს სწრაფ-სწრაფად და ბევრად მეტი საქართველოს კულტურა შევიტანოთ ევროპაში.

 

ამისთვის გვჭირდება ხელშეწყობა და მეტი პროგრამა, რომელიც ამას შეუწყობს ხელს. პირველ რიგში ერთი შემოთავაზება იყო, რომ გაიმართოს ევროკავშირის პარლამენტში საქართველოს კვირეული. ჩვენ ჩვენი ადგილი უნდა დავიკავოთ ევროპაში, რაც ნიშნავს ჩვენი იდენტობის გატანას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner