logo_geo
eng_logo
„საავადმყოფოში ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრები ისე მიიტანეს, რომ დირექტორმა არ იცოდა“ – დავით ქოჩიაშვილი 2005 წლის 3 თებერვალს იხსენებს
- +

28 იანვარი. 2019. 23:17

 

3 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 14 წელი სრულდება. თუმცა, გენერალურ პროკურატურაში გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები, ამ დრომდე, არსებობს.

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს დღევანდელ ნომერში რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ დირექტორთან, დავით ქოჩიაშვილთან ინტერვიუს სთავაზობს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე სწორედ, 2005 წლის 3 თებერვალს მუშაობდა.

 

როგორც დავით ქოჩიაშვილი ინტერვიუში აცხადებს, 14 წლის წინ, 3 თებერვალს, რესპუბლიკური საავადმყოფოს პათანატომიის განყოფილებაში „შავი ჯიპებით“ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრები ისე მიიტანეს, რომ კლინიკის ხელმძღვანელმა პირებმა, მათ შორის დირექტორმა, არაფერი იცოდა.

 

ქოჩიაშვილი იხსენებს, რომ მაშინ ცხედრების ექსპერტიზები ავლაბარში მდებარე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში ტარდებოდა და მისდა გასაკვირად, ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზა, რესპუბლიკური საავადმყოფოს პათანატომიის განყოფილებაში ჩატარდა.

 

ამასთან, კლინიკის ყოფილი დირექტორი ინტერვიუში ამბობს, რომ მას არასოდეს დაავიწყდება ზურაბ ჟვანიას მეუღლის, ნინო ქადაგიძის სასოწარკვეთილი სახე.

 

„პათანატომიის განყოფილებასთან რამდენიმე შავი ჯიპი და პატრულის მანქანა იდგა. ქაოსური სიტუაცია იყო. ორივე გვამი შეტანილი ჰყავდათ. გარეთ ნერვიულად დადიოდა დაცვის წევრი – მიხეილ ძაძამია, ნინო ქადაგიძე ძალიან გამწარებული მოვიდა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჟვანიას ოჯახი ჟვანიას გარდაცვალებას წინასწარ გრძნობდა. ქალბატონი ნინო წუხდა: მაინც მოკლეს, მაინც გააკეთეს ეს საქმეო. შევიდა სასექციოში, ჩაეხუტა ქმარს, მეც შიგნით შევედი, ექსპერტები ჯერ არ იყვნენ მოსულები. კარგად მახსოვს, ჟვანიას ტუჩზე მოწითალო-მოშავო ლაქა ჰქონდა, ეს იყო ნაკბენი, ნაჭდევი თუ სხვა რამ, ვერ გეტყვით. თეთრი პერანგი ეცვა. მეორე მაგიდაზე უსუპოვის გვამი ესვენა, ზემოთ არაფერი ეცვა, მკერდზე მე-15-16 ნეკნის არეში, შავი მრგვალი წერტილები ეტყობოდა. ვერ გეტყვით, ნატყვიარი იყო, სპიცით ან დანით მიყენებული შემავალი ჭრილობა, თუ რა, მაგრამ ეს წერტილები ნამდვილად ჰქონდა“, – აცხადებს დავით ქოჩიაშვილი.

 

გარდა ამისა, კლინიკის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, თითქოს იმ ღამეს ყოფილ პრემიერ-მინისტრის მეუღლეს, ნინო ქადაგიძეს მანქანა სპეციალურად არ გაუგზავნეს და დაცვის წევრებიც სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ.

 

მისივე თქმით, მას კარგად ახსოვს, კლინიკის ეზოში მყოფი ზურაბ ჟვანიას მეგობრებიდან, გია ბარამიძე და ხათუნა გოგორიშვილიც, რომლებიც შეშფოთებული სახით მოვიდნენ და დაცვის წევრს მიხეილ ძაძამიას, ცალკე ესაუბრებოდნენ.

 

კლინიკის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ როდესაც ექსპერტები მივიდნენ, იგი პათანატომიის განყოფილებიდან გარეთ გამოუშვეს.

 

„მახსოვს, როდესაც ლევან ჩაჩუა, ომარ ხარძეიშვილი, მამუკა ჩხაიძე და გია დიდავა მოვიდნენ, კარი ჩაკეტეს, ითქვა, რომ ყველაფერი ფირზე უნდა გადავიღოთო. ექსპერტიზა გვიანობამდე მიმდინარეობდა“, – აცხადებს დავით ქოჩიაშვილი.

ამასთან, იგი ვერ იხსენებს ფაქტს, დაესწრო თუ არა ცხედრების ექსპერტიზას ახალგაზრდა ლევან სამხარაული, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ ცხედრების გაკვეთას ლევან სამხარაულიც ესწრებოდა.

 

ამავე ინტერვიუში კლინიკის მაშინდელი დირექტორი ამბობს, რომ მას ექსპერტ ლევან ჩაჩუასთან ბევრჯერ უსაუბრია, მაგრამ მას ამ თემაზე დეტალური საუბრის სურვილი არ ჰქონდა.

 

„სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები სხვა ბუნების ხალხია, გულში რაიმე რომც ჰქონდეთ, არ წამოსცდებათ. ჟვანიას საქმეზე ლევან ჩაჩუასთან მისაუბრია, მაგრამ მითხრა – რაც დავწერე, ყველაფერი ისე იყოო და მაგრძნობინა, რომ ამ თემაზე კითხვა აღარ დამესვა. ციხესიმაგრესავით შეუვალი იყო თუ დაშინებული, ვერ გეტყვით“, – აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი დავით ქოჩიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner