„დღეს შეჩერების მექანიზმის საკითხი არ დგას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.
„გარდა იმისა, რომ ვიზალიბერალიზაცია არსებობს და 300 000-მა ადამიანმა გამოიყენა ეს, რათა ევროპაში ჩავიდეს და ჩამოვიდეს, არ არის დაჩრდილული იმით, რომ ვიღაცები მაინც სარგებლობენ, არალეგალურად შევიდნენ ან მოითხოვონ თავშესაფარი ევროპაში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, არალეგალებისა და თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემაზე საქართველოს ხელისუფლება და ევროკავშირი ორმხრივად მუშაობენ.
„აქ ადგილი არ აქვს რაღაც გადაბრალებას, მათივე ბრალი არის თუ ჩვენი, ორივეს აქვს მეტი გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ ალბათ გვაქვს კიდევ უფრო მეტი გასაკეთებელი მოსახლეობის ინფორმირებისთვის, რათა ყველამ გაიაზროს, რომ ვინც არღვევს ამ წესებს და პრინციპებს, ავნებს მომავალს და თავის შვილებს პირველ რიგში, რადგან ეს მოპოვებული უფლება არის ძალიან ძვირფასი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მონაპოვარი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს კონკრეტული ადამიანების ქმედებების გამო.
„არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა ან თავის თავს აძლევდეს უფლებას, რომ ეს მოპოვებული, მართლაც დიდი უფლება, შევიდეთ ევროპაში თავისუფლად, ვიღაცის გულისთვის იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული. დღეს შეჩერების მექანიზმის საკითხი არ დგას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.