ზუგდიდის ვიცე მერი გიორგი შენგელია შეხვდა კომპანიის წარმომადგენელს და მძღოლებს, რომლებსაც სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტის მომსახურება ავალიათ. მერიაში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა მოისმინა მიზეზები, თუ რატომ ვერ ასრულებენ ისინი ნაკისრ ვალდებულებას, რა პრობლემები აქვთ, რატომ აქვთ კომპანიის მიმართ მძღოლებს წინააღმდეგობები და პრეტენზიები.
გიორგი შენგელიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება ხელშეკრულების გაფორმებასთან, ვადებთან დაკავშირებით, პირობებზე. ამბობს, ეს თემები უშუალოდ კომპანიამ და მძღოლებმა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ.
„ამაში ჩვენ დეტალურად ვერ შევალთ. თვითონ გაარკვევენ ურთიერთობას. ერთი რამ ფაქტია, კომპანიამ უნდა შეასრულოს ვალდებულებები. თუ ვერ შეასრულებს და ვერ შეთანმდებიან, კომპანიას მოუწევს სხვა გზებს მიმართოს ვალდებულებების შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულებას გავწყვეტთ“, - განმარტა ვიცე მერმა.
გიორგი შენგელიას თქმით, შესაძლოა შესაბამისი პროცედურები უკვე ორშაბათიდანაც დაიწყონ.
თავის მხრივ, კომპანია „საქ-ავტოტრანსი 2014-ში“ ირწმუნებიან, რომ ორშაბათს ავტობუსები ყველა სოფელში გავა და მოსწავლეებს მოემსახურება. კომპანიის დირექტორის, აბესალომ ჩუხუას მტკიცებით, შეთანხმება მძღოლების უმრავლესობასთან მიღწეულია. რჩება 2-3 სოფელი, სადაც თუ მოლაპარაკებები ვერ შედგება, მძღოლებს სხვა მძღოლებით ჩაანაცვლებენ. დასაქმებულთა ნაწილთან კომპანიამ ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ზოგიერთი ამ დრომდე თათბირობს.
„აქვთ ტყუილი ინფორმაცი, რომ ტენდერზე იმდენი გვაქვს ფასი დაგდებული, თითქოს ვერ შევძლებთ ვალდებულებების შესრულებას და ხელფასების გაცემას. ჩვენ ყველაფერი უზრუნველყოფილი გვაქვს. სალიარს პლიუს ამას, ავანსის სახით გავცემთ ხელფასიდან ხელფასადე, ხელს შევუწყობთ, მინიმალურ ფასში, მაქსიმალურად კარგი ხარისის საწვავია“, - გვითხრა აბესალომ ჩუხუამ.
აღნიშნულ საკითხზე მერიაში ბრიფინგი 24 იანვარს გაიმართა. სოფლებში სკოლებისთვის ტრანსპორტის მომსახურებაზე ტენდერი შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ 172 000 ლარი გამოიყო.
მოსწავლეებს მიკროავტობუსი მუნიციპალიტეტის 39 სოფელში ემსახურება, სადაც სკოლა 2 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული. თუმცა ერთი კვირაა, რაც კომპანია ვალდებულებებს ვერ ასრულებს.
გამარჯვებულ კომპანიად „ საქ-ავტოტრანსი 2014“ 18 იანვარს გამოვლინდა.