„ჩვენ შეგვიძლია მეტი თანამშრომლობა NATO-სთან სხვადასხვა საკითხში და პირველ რიგში, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.
„ჩვენი მხრიდან მზადყოფნაა და ის ყველაფერი, რაც საჭიროა, თუნდაც ბიუჯეტის ორი პროცენტი, თუნდაც აღჭურვილობის ამაღლება და გაძლიერება, ყველაფერი ისე გავაკეთეთ, რა მოთხოვნაც იყო NATO-ს მხრიდან და პარტნიორებისგან. მაგრამ იმ დროს, როცა ჩვენ ველოდებით, არ შეიძლება, ეს მოლოდინი იყოს ადგილზე ტკეპნა. ჩვენ გვჭირდება მეტი NATO, მეტი უსაფრთხოება, მეტი თანამშრომლობა და ამ კუთხითაც არის მათი მზადყოფნა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტში საქართველოში გაიმართება საქართველოსა და NATO-ს ერთობლივი მასშტაბური წვრთნები, რა დროსაც საქართველოს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და სამხედრო კომიტეტი ეწვევა.
„წლის მეორე ნახევარში ჩამოვა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად, მთელი ორგანიზაცია რაღაც მომენტში იქნება საქარველოში. ჩვენ შეგვიძლია კიდევ მეტი თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხში და პირველ რიგში, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. შავი ზღვა არის დღეს ადგილი, სადაც არის მეტი დაძაბულობა, ვიდრე იყო და ჩვენი როლი არის, რომ შავ ზღვაზე შემოვიტანოთ მეტი უსაფრთხოება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.