საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე ბრიუსელში გამართულ ყველა შეხვედრაზე ისაუბრა.
„შეხვედრებზე ყველგან ვისაუბრეთ იმაზე, რაც ჩვენი მუდმივი სატკივარია, ანუ ოკუპირებული ტერიტორიები. მეტი რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა. ევროკავშირის მადლობელნი ვართ, რომ გააგრძელეს ევროკავშირის ზედამხედველობის მისიის მანდატი. ყველანაირად ვთხოვთ გაძლიერებას და თუ ჯერ ვერ ხერხდება გაძლიერება, ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხის როგორც ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების ყოველთვის ხსენება თავიანთი შეხვედრების დროს, გინდ რუსეთთან, გინდ სხვა ქვეყნებთან რომ იყოს უფრო აქტიურად წარმოდგენილი, ამაზე იყო თანმხვედრი პოზიციები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ყველა შეხვედრაზე დასვა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის თემა.
„ყველამ განაცხადა, რომ მათთვისაც არის ეს სერიოზული გამოწვევა. სამწუხაროდ, მე გავლენა არ გამაჩნია მეორე მხარეზე ანუ მათზე, ვინც არის პასუხისმგებელი, დაიხუროს ეს გამშვები პუნქტები. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, ყველგან გავიმეოროთ, ხმამაღლა აღვნიშნოთ, გავაპროტესტოთ და ვთქვათ, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.