logo_geo
eng_logo
„სანამ მესვრიან, მანამდე ვიტყვი...“ - გურამ შარაძის ახდენილი წინათგრძნობა
- +

23 მაისი. 2016. 14:39



ცხრა წლის წინათ, 2007 წლის 20 მაისს, დღისით-მზისით, თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე გასროლა გაისმა - ბიბლიოთეკიდან სახლისკენ მიმავალი მეცნიერი გურამ შარაძე უამრავი ადამიანის თვალწინ მოკლეს. შემზარავი დანაშაული ძალოვნებმა მაშინვე გახსნილად გამოაცხადეს, თუმცა შარაძის ოჯახი და საზოგადოების უდიდესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო და ნამდვილი დამნაშავეები დაუსჯელები არიან...




ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ- კორესპონდენტი, საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე. პარტიის „ენა, მამული, სარწმუნოება" დამაარსებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ შარაძე სოფელ გურიანთაში 1940 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ოქროს მედალზე დაამთავრა ოზურგეთის მესამე საშუალო სკოლა და წარჩინებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „თეიმურაზ ბაგრატიონი - რუსთველოლოგი", ხოლო 1975 წელს სადოქტორო დისერტაცია, რომელიც მიეძღვნა თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. 

მეცნიერი იკვლევდა ძველსა და ახალ ქართულ მწერლობას, რუსთველოლოგიის პრობლემებს, ემიგრაციაში მყოფი ქართველი მწერლებისა და ჟურნალისტების ნააზრევს, ქართულ-ინგლისურ, ქართულ-უნგრულ, ქართულ-ფრანგულ, ქართულ-რუსულ კულტურულ-ლიტერატურულ ურთიერთობებს. გურამ შარაძის ხელმძღვანელობით, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მომზადდა ილიას, აკაკის, ივანე მაჩაბლისა და ემიგრანტი მწერლების ბიბლიოგრაფიები.


მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო, ნიკო ბერძენიშვილისა და მემედ აბაშიძის სახელობის პრემიები. დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენებით, უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედლით „უნგრეთის ინტერესების დაცვისთვის მსოფლიოში".

ყველა, ვისთანაც კი უმუშავია, გურამ შარაძეს ახასიათებდა, როგორც პრინციპულ და შეუვალ პროფესიონალს, რომლისთვისაც მიუღებელი იყო ზნეობრივი კომპრომისი.


შარაძეების ოჯახს პირველი ტრაგედია 1998 წლის 17 ივნისს დაატყდა, როცა მცხეთის ქუჩაზე მდებარე ბინაში  გურამ შარაძის შვილის, 33 წლის ლაშა შარაძის ცხედარი იპოვეს (ლაშა შარაძე ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე გახლდათ). მაშინ ძალოვნებმა მომხდარი თვითმკვლელობად შეაფასეს, მაგრამ ოჯახი დარწმუნებულია, რომ ლაშა შარაძე მოკლეს.

შვილის ბურუსით მოცული სიკვდილიდან ცხრა წლის შემდეგ, მუხანათურად მოკლეს გურამ შარაძე, მაგრამ შარაძეების ოჯახის ტრაგედია ამით არ დასრულებულა. მამის სიკვდილის შემდეგ, შარაძეების უმცროსი ვაჟს, გიორგის მძიმე დეპრესია განუვითარდა. ის ოთახში ჩაიკეტა და ორი წლის განმავლობაში არავის დაჰკონტაქტებია. გიორგი შარაძე 2009 წლის 30 ივნისს გარდაიცვალა.




„საქართველოს აწმყოსა და მომავლის შეცვლა უკეთესობისკენ შესაძლებელია. მთავარია, ქართველმა ხალხმა შეიგრძნოს, რომ მამულს, ენასა და სარწმუნოებას განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეს. ერთ-ერთის დაკარგვით ქართველობასაც დავკარგავთ და საქართველოსაც. როგორც ქართველს, ბუნებრივია, მე ეს არ მინდა და ვაკეთებ იმას, რაც სასიკეთოდ წაადგება ჩემს ერსა და ქვეყანას, თუ როგორ ვახერხებ ყოველივე ამას, ჩემმა ხალხმა განსაჯოს". გურამ შარაძე.

 

 

გურამ და ლაშა შარაძეები

„მიჭირს კიდეც გადმოცემა, რამხელა ადგილი უკავია მამაჩემს ჩემს ცხოვრებაში. ის იყო არაჩვეულებრივი მეუღლე, მამა და ბაბუა... შვილები ვაღმერთებდით და მისი რიდი გვქონდა. დედაჩემი უფრო მკაცრად გვზრდიდა, მამა ყოველთვის ლოიალური იყო. ჩვენთვის მშობლები წესიერების, ერთგულების, პასუხისმგებლობისა და სიყვარულის სიმბოლო გახლდნენ". რუსუდან შარაძე.

 

 

„არ ვიცი, რომელი გრძნობა უფრო სჭარბობდა ჩემში მისდამი - სიყვარულის თუ პატივისცემის. ზოგჯერ მგონია, რომ ყველაზე მეტად როცა ვჭირდებოდით ერთმანეთს და ყველაზე მეტად როცა ვხარობდით ერთმანეთით, მაშინ წამართვეს მამა". რუსუდან შარაძე

 

 

გურამ და გიორგი შარაძეები

 

 

გურამ შარაძე ოჯახთან ერთად

 

„მამაჩემს რომ დედაჩემი არ ჰყოლოდა, ის ამდენს ვერ შექმნიდა. უბრალოდ, დრო არ ეყოფოდა. დედაჩემმა თავი გადადო მისთვის..." რუსუდან შარაძე.

 

 

მწერალი რევაზ მიშველაძე და გურამ შარაძე

 

„უნივერსიტეტისა და საქართველოს გადასარჩენად, მთელ სიცოცხლეს შევწირავდი". გურამ შარაძე.

 

 

გურამ შარაძე შვილთან, ლაშასთან ერთად

 

 

 

„საავადმყოფოდან ახალი გამოყვანილი ვიყავი, რომ ჩემი შვილის, ლაშა შარაძის დაბადების დღეც დადგა. მე როგორც ხეიბარი, ორი ყავარჯნით, ჩემმა მეუღლემ ძლივს ამიყვანა  შვილის საფლავზე. პანაშვიდს ყოველ 12 მაისს (დაბადების დღეს) და 15 ივნისს (გარდაცვალების დღეს) გვიხდიდა და გვიხდის ჩვენი უბედური ოჯახის მოძღვარი მამა დავით ხიმშიაშვილი. პანაშვიდის შემდეგ, სახლში მოყვანილს გურიმ მითხრა: „მე უნდა წავიდე სამებაში და საპატრიარქოში - ჩვენს ლაშიკოს სანთლებს დავუნთებ და მალე მოვალ, არ შეგეშინდესო. სახლში მობრუნებულმა გადმომცა პატრიარქის ნაჩუქარი ჯვარი და მითხრა: ეს რუსუდანს მიეცი, რომ ჩამოვაო. მე ვუთხარი, შენ თვითონ მიეცი-მეთქი. ნაღვლიანად შემომხედა და ცრემლები წასკდა. თითქოს გრძნობდა, რომ რუსუდანს ცოცხალი არ დახვდებოდა". გურამ შარაძის მეუღლე სვეტლანა გახარია-შარაძე.

 


გურამ შარაძე, თამარ დათუაშვილი და ზურაბ ცინცქილაძე

 

 

„ამათ ქვეყნის დანგრევის უფლებას არ მივცემ, ხვალვე რომ დამხვრიტონ. ამდენჯერ დამაპატიმრეს, შვილი ვინ მომიკლა, ვერ გამოიძიეს, ჩემს მეუღლეს მანქანა ვინ დააჯახა, ისიც ვერ გამირკვევია. სანამ მესვრიან, მანამდე ვიტყვი და მოვასწრებ. ვიტყვი სიმართლეს, რომ ესენი ქვეყანას ღუპავენ!" გურამ შარაძე.

 


„თუ კანონები „ეროვნების რეკვიზიტის ამოღებასთან დაკავშირებით" და „საზოგადოებრივი აქტების შესახებ" ძალაში შევა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ქართველმა ერმა თავის თავს თვითონ გამოუტანა განაჩენი". გურამ შარაძე.

 

 

გურამ შარაძე შვილიშვილებთან ერთად

 

 

„რაც არ უნდა გადაუდებელი საქმე ჰქონოდა, არასდროს აკლდებოდა შვილიშვილების ზეიმს. ეს ფოტოც მარიკუნას ბაღის ზეიმზეა გადაღებული, 2006 წელს. ზეიმი დამთავრდა და თოვლის ბაბუამ რომ დაინახა მამაჩემი, ისე გაიხარააა - აბა, რა ხდება, ბატონო გურამ?! აბა, ფოტო გადავღოთ... აბა ისე, აბა ასე... მერე მარიკუნა ჩაიხუტა და ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან... მერე ბავშვს ვაშინებდით ხოლმე, - ჭამე, თორემ მოვიდა ახლა თოვლის ბაბუაო". რუსუდან შარაძე.



გროზნო. 24.02.1994 წელი, ზელიმხან იანდარბიევთან ერთად (ჩეჩენი პოლიტიკოსი, მან ჩამოაყალიბა ვაინახთა დემოკრატიული პარტია, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ჩეჩნეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა) 

„შარაძის მოღვაწეობის ამოსავალი წერტილი ენისთვის, მამულისთვის და სარწმუნოებისთვის ბრძოლა იყო. დღეს ქართული ეროვნულობის გადარჩენის საკითხი ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს პოლიტიკური მკვლელობა პირდაპირ და ირიბად რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. ერთი ფაქტორი კი არის გაფრთხილება, რომ ეროვნული ღირებულებების მატარებელი პოლიტიკური ლიდერები ფრთხილად უნდა იყვნენ". ნესტან კირთაძე.

 

 

ზვიად გამსახურდიას დაკრძალვის ადგილი

 

 

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში

 

 

„ტყვია იმიტომ ესროლეს, რომ კაცი იყო და ადამიანური ღირსება ჰქონდა ისეთი, როგორიც არაადამიანებსა და არაკაცებს ეუცხოებათ. ისეთი სიცოცხლე, როგორიც მან განვლო, იშვიათია. იშვიათობა კი ოქროა, რომელსაც უკეთურები კეთილად ვერ უყურებენ. ეშინოდათ მისი ყოფნა ამქვეყნად და ამიტომ მოიცილეს, მაგრამ იმას ვერ მიხვდნენ, რომ ისეთი კაცი, როგორიც გურამ შარაძე იყო, მოკლული უფრო საშიშია. ჩვენი სიცოცხლის უკანასკნელი დღე არის ჩვენი თავისუფლების პირველი დღე და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს". ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გრივერ ფარულავა.

 

 

„გურამ შარაძის მონოგრაფიები ილიაზე, აკაკიზე, ხელთუქმნელი განძია, ნახეთ მისი „უცხოეთის ცის ქვეშ", ნახეთ მისი „ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია", მონოგრაფია მემედ აბაშიძეზე. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ... და რა მიიღო ამის სანაცვლოდ? - ტყვია!!!" თბილისის ყოფილი მერი თამაზ ვაშაძე.

 

 

გურამ შარაძე დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე შვილების გვერდით.

 

 

ავტორი: ნელი თორდია


 

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner