„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 5-7 წელიწადში წინ წავიწიოთ საკრედიტო რეიტინგებში“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანამ წამყვანი პოზიციები დაიკავოს საინვესტიციო რეიტინგებში, რისთვისაც საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გაუმჯობესება.
„ერთ-ერთი ეს არის ეკონომიკის ზომა ერთ სულ მოსახლეზე. აქ ხუთ წელიწადში ისეთ გარღვევას ვერ მოვახდენთ, რომ პირდაპირ საინვესტიციო რეიტინგში მოვხვდეთ, თუმცა ყოველწლიურად გვაქვს მდგრადი ზრდა და ვგეგმავთ 5500-6000 დოლარის ფარგლებში ავიდეთ მშპ-სთან მიმართებაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალის მიმართულებით. ეს უკვე მოგვცემს შესაძლებლობას, მივუახლოვდეთ საინვესტიციო რეიტინგს. გარდა ამისა, არის სხვა კომპონენტები, რომელიც გავლენას ახდენს საკრედიტო რეიტინგებზე და აქ გაცილებით დიდი პოტენციალი გვაქვს, მათ შორისაა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც წლიდან წლამდე მცირდება და ახლა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. პირველად ჩვენს ისტორიაში, 2018 წლის მესამე კვარტალში ჩვენ გვქონდა დადებითი მიმდინარე ბალანსი. მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაგრძელოთ დანაზოგების ზრდა და ფისკალური დისციპლინა, რომლის ძალიან დადებითი ტენდენცია გვაქვს. აუცილებელია გავაგრძელოთ ეს პოლიტიკა მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის იოლი, ჩვენ არ შევწირავთ პოლიტიკურ კონიუნქტურას და პოპულიზმს იმ მდგრადობას, რასაც მივაღწიეთ იმიტომ, რომ ეს პოლიტიკა გამოიწვევს მნიშვნელოვან ძვრებს, რაც ჩვენ გვჭირდება ეკონომიკაში. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მოქმედებს რეიტინგებზე, ესაა ინსტიტუტების სიმყარე და ეფექტურობა. აქაც ჩვენ გვაქვს კარგი შედეგები და ყველა შესაძლებლობა, აქტიურად გავაგრძელოთ რეფორმები. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი მიზანია, ყველა მნიშვნელოვან რეიტინგში საქართველო შევიდეს ტოპ ხუთეულში. კიდევ ერთი ფაქტორი არის პოლიტიკური სტაბილურობა და ამ კუთხითაც ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.