თბილისიდან წამოსვლის წინ შეუფასებელი საჩუქარი მივიღე. ჩემმა მეგობარმა, ქართველმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ დათო მაღრაძემ, გამომიგზავნა წიგნი, რომელიც თავადვე მოიგონა და გამოსცა პეტერბურგელ მხატვარ ანატოლი ბელკინთან ერთად. ტოლიამ წიგნი, პრაქტიკულად, ხელით გააკეთა; არ დაიზარა და ყველა 99 ეგზემპლარი საკუთარი ყალმით მოავარაყა.
შეგნებულად არ ვხმარობ ეპითეტებს, რომლებზეც, როგორც წესი, თავს იმტვრევენ ნეკროლოგების დამწერები - „გამოჩენილი“, „მნიშვნელოვანი“, „ცნობილი“ ან „უნიჭიერესი“. ამის დრო ჯერ არ დამდგარა და ბარე ნახევარი საუკუნე კიდევ არ დადგება. მთავარია, რომ ერთი პოეტია, ხოლო მეორე მხატვარი. როგორც სიყვარულშია უაზრობა ეპითეტების მიმატება. ან გიყვარს, ან არა. ნებისმიერი გამძაფრება - „ძალიან“, „უაღრესად“ - აშკარად სიყალბის მომასწავებელია. ჩემს ამ ორ მეგობარს აუცილებლად უნდა შევუამხანაგო ნიკოლაი გოლი, პეტერბურგელი მთარგმნელი, რომელსაც მხოლოდ მისი ნაშრომებით ვიცნობ.
2015 წელს მან რუსულად თარგმნა დათო მაღრაძის პოემის „ჯაკომო პონტის“ რამდენიმე თავი. ახლა კი, უკვე მესამე დღეა მისეულ თარგმანებს ვუკირკიტებ ამ ხელნაკეთ წიგნში. მხოლოდ ერთი სიტყვა არ თარგმნა და რუსულ პოეტურ სტროფებში უნიკალური ქართული სიტყვა დატოვა - წუთისოფელი. ამ სიტყვის თარგმნა ძნელია, ის უნდა შეიგრძნო, როცა უკან მოხედავ შენს მიერ განვლილ ათწლეულებს. დროის ამ წუთიერ სიმცირეს განსაკუთრებულად იგრძნობ, როცა სამოცდამეათე წელი მოგიკაკუნებს, ან დიდუბის პანთეონში მოხვდები, სადაც განისვენებენ შენი მეგობარი მწერლები, მუსიკოსები, მსახიობები, უბრალოდ კარგი მეგობრები, გინდა, თითოეული მათგანის საფლავთან წამით შეჩერდე და ჩაიჩურჩულო: „წუთისოფელი“.
„Триумфальная арка в игольном ушке“ - ასე ჰქვია წიგნს, რომლის შემქმნელებსაც თავისი ცხოვრებისეული ისტორია აქვთ, თუმცა, ერთმანეთი რომ იპოვეს, გასაკვირი არ უნდა იყოს. ორივესთვის ხელოვნება ყოფის უმაღლესი ღირებულებაა, რომელიც ამავდროულად არ გამორიცხავს ადამიანის არსებობის მატერიალურ წონადობას თვით ამ ესთეტიკური არეალის გარეთ. ორივე ნიჭიერია და თავისუფალი; ორივე მზადაა ნებისმიერი შემოქმედებითი თუ ცხოვრებისეული თავგადასავლისთვის; ერთი ასეთი სწორედ ეს წიგნი გახლავთ. წიგნის იდეა 2015 წელს პეტერბურგში დაიბადა, როდესაც დათომ საზოგადოებას თავისი ახალი პოემა „ჯაკომო პონტი“ წარუდგინა.
დათო 80-იანი წლების ბოლოს, თბილისში გავიცანი, ახალგაზრდა და უკვე ცნობილი პოეტი. 1991 წელს პენ-კლუბის ქართულ განყოფილებას ხელმძღვანელობს; 1992-95 წლებში ქვეყნის კულტურის მინისტრია, ხოლო 90-იანი წლების ბოლოს - პარლამენტის წევრი; როგორც ჭეშმარიტ პოეტს შეეფერება, ყველგან დამოუკიდებელი და თავისუფალი იყო. 2011 წელს ნობელის პრემიის ნომინანტია. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ლაურეატიც აუცილებლად გახდებოდა.
ჩემი გარდაცვლილი მეგობრის, შესანიშნავი მსახიობისა და რეჟისორის ბადრი კობახიძის ქალიშვილი მაია, დათოს მინისტრობისას, მისი პირველი მოადგილე გახლდათ. სწორედ მას დაატყდა თავს რისხვად იმჟამინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, როდესაც ტელევიზიით მოისმინა დათოს გამოსვლა პარლამენტში. დათომ სახალხოდ განაცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს. უბრალო მოკვდავებისთვის ძნელი გასაგებია, რა განაპირობებს პოეტის ამა თუ იმ საქციელს, მაგრამ მჯერა, რომ დათოს ინტუიციას, მის ზნეობრივ და ადამიანურ ღირსებას უბრალოდ უნდა ენდო.
თუ ვინმე მკითხავს, რატომ გიამბეთ ამ წიგნის შესახებ, რომელიც სულ ას ეგზემპლარად გამოიცა, დაუფიქრებლად ვუპასუხებ:- ეს წიგნი იმის ნიშანია, რომ ხელოვნებას, კულტურას არანაირი საზღვარი არ გააჩნია. ომი არასოდეს ყოფილა სიყვარულისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი - უფრო პირიქით. ბოლო ათწლეულების ისტორიამ ბევრი რამ გადააფასა რუსი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში. ამ წიგნმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პოეზია და ზოგადად ხელოვნება ნებისმიერ პოლიტიკაზე მაღლა დგას და ბევრად უფრო ფასეული და ღირებულია.
მიხაილ შვიდკოი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი