გამოცემა „პრაიმტაიმი“ სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ მოიხმარენ არასრულწლოვნები მომაკვდინებელ ნივთიერებას ნარკოტიკული თრობისთვის. ქილებში საყოფაცხოვრებო გამოყენების ქიმიური ნივთიერებაა მოთავსებული და მას ბავშვები თრობისთვის ისუნთქავენ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ საყოფაცხოვრებო ქიმია ყველასთვის ხელმისაწვდომია და მისი თრობის მიზნით გამოყენება ზოგჯერ უეცარ სიკვდილს იწვევს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე აცხადებს, რომ მოზარდები ნარკოტიკული თრობისთვის ბენზინს, წებოსა და სანთებელას გაზს იყენებენ.
„ბენზინი, წებო, სანთებელას გაზი, ლაქის გამხსნელი და სხვა საყოფაცხოვრებო ქიმია, განეკუთვნება აქროლად, ორგანული გამხსნელების ჯგუფს და ინჰალანტებს, რომელიც შესაძლოა ბოროტად და არამიზნობრივად გამოიყენონ ე.წ. თრობის მიზნით, რომელიც სინამდვილეში ორგანიზმის ინტოქსიკაციაა და სხვა არაფერი. მისი ორგანიზმში მოხვედრა შესუნთქვითა და სხვადასხვა საშუალებითაა შესაძლებელი“, -აცხადებს ირმა კირთაძე.
კირთაძე ასევე აღნიშნავს, რომ ამ ნივთიერებათა ტოქსიკურობიდან, მოხმარების სიხშირიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ადამიანი გარდაიცვალოს.
„მუცლის ტკივილი, ამნეზია, დეპრესია, დიარეა, ძილიანობა, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, აგზნებადობა, კოორდინაციის დარღვევა, მადის დაქვეითება, გულისრევა, ასევე შესაძლოა უეცრად განვითარდეს თავის ტვინის შეშუპება, ფილტვების შეშუპება და უეცარი სიკვდილი“, - აღნიშნავს კირთაძე.