logo_geo
eng_logo
გოდერძი შარაშია: მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ახსოვდა ეს ფაქტი…
- +

29 იანვარი. 2019. 20:26

 

 

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია 4 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„წლების წინ სოფ. მისაქციელში დედამ შვილი მოკლა შეშით, მომდევნო კვირას რეპორტაჟი რომ გავაკეთეთ, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ახსოვდა ეს ფაქტი. ერთხელ ლონდონში გადაღებაზე ვიყავი და მშობლებს შვილი შემოაკვდათ ცემაში. ყველა ტელეკომპანია, ყველა ტაბლოიდი ერთი კვირის განმავლობაში, 24 საათი ამაზე საუბრობდა. გადაცემებში გამოჰყავდათ უფლებადამცველები. მასწავლებლები, მშობლები, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების წარმომადგენლები. ბოლოს დედოფალმა საქველმოქმედო კონცერტი გამართა და მრავალი მილიონი შემოვიდა ერთ საათში. და ყველაზე მთავარი. იმ დღეს ქუჩებში დიდი და პატარა დათვები დადიოდნენ ვედროებით და თანხას აგროვებდნენ. ბოლოს გაირკვა, რომ ეს დათუნიები სხვებთან ერთად ბრიტანელი ბიზნესმენები იყვნენ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. მოკლედ, აღარ ვიცი, რა ვთქვა. აღარ ვიცი, რა ვთქვა. აღარ ვიცი, რა ვთქვა”, – წერს გოდერძი შარაშია.

 

თბილისში, გვაზაურის ქუჩაზე 4 წლის გოგონა სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

მეზობლების ინფორმაციით,  ბავშვს სახლში სისტემატურად სცემდნენ და ერთხელ ის ამის გამო საავადმყოფოშიც მოხვდა.

 

დაკავებულია გარდაცვლილი გოგონას დედა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ნაძალადევის რაიონში 4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით:

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ მიმდინარე წლის 22 იანვარს, თბილისში, 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ შემთხვევამდე, გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვნის დედა – ლ. ქ.

 

თავად მცირეწლოვანი პოლიციამ სავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო მომხდარის შესახებ სოციალურ სამსახურს ეცნობა.

 

საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით.

 

ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად, ლ.ქ.-ს მიმართ პოლიციამ გამოწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით, დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი.

 

22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ, ლ.ქ. პოლიციამ ორდერის დარღვევისთვის სისხლის სამართლის წესით დააკავა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურებრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს, ეფექტიანად მიმდინარეობდა თუ არა შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი.

 

მცირეწლოვნის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა”, – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner