ფოთში, მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან გადავარდნილი 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები მთელი ღამე გაგრძელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოზარდს 20-მდე მაშველი და მყვინთავი ეძებს. შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელშიც ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ მოზარდი უმოკლეს დროში ვიპოვოთ. გარდა იმისა, რომ 20-მდე მაშველი და მყვინთავია ჩართული სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში, ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური კატერი, რომელიც წყლის ქვეშ სპეციალური აპარატით აწარმოებს სამძებრო ღონისძიებებს. მდინარეში წყლის დონე დაწეულია, რათა მაშველებს მუშაობა გაუმარტივდეთ“, – განუცხადა პირველ არხს უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მიშა ფეიქრიშვილმა.
ფოთში, ხიდის მოაჯირიდან მდინარე რიონში მოზარდი 29 იანვარს გადავარდა.