იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ (გია) დალაქიშვილი მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც დალაქიშვილმა პირველ არხს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, ამჟამად შვებულებაშია და საქართველოში არ იმყოფება. მისივე ინფორმაციით, დღეს შვებულების ბოლო დღე აქვს.
„არანაირი წინაპირობა არ ყოფილა – პირველად მესმის ეს ინფორმაცია. არ ვიმყოფები საქართველოში და შესაბამისად, ინფორმაცია ნაკლები მაქვს. შვებულებაში ვარ და დღეს ღამე ვბრუნდები, დილით საქართველოში ვიქნები. საღამოს მიმთავრდება შვებულება და მეორე დილიდან გავდივარ ჩვეულებრივად სამსახურში“, – განაცხადა გია დალაქიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილე გია დალაქიშვილთან ერთად, საუბარია, რომ თანამდებობას ტოვებენ ქუთაისის მერის პირველი მოადგილე გიორგი იობაშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავაც. ამ ეტაპზე, პირველი არხმა კომენტარისთვის მათთან დაკავშირება ვერ მოახერხა.
ჯერჯერობით, გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. ასევე, ამ ეტაპზე უცნობია საკადრო ცვლილებების მიზეზები.