logo_geo
eng_logo
ბრიტანული მხარისთვის ჯეკ შეფერდის გადაცემა სტანდარტული პროცედურით წარიმართება
- +

30 იანვარი. 2019. 10:54

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტებას აკეთებს.

 

პროკურატურის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, მის მომთხოვნ სახელმწიფოში გადაცემა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით განხორციელდეს. იმ შემთხვევაში, თუ მას სურს ამ უფლებით სარგებლობა, თანხმობა უნდა გამოხატოს სასამართლოს წინაშე.

 

ამასთანავე, გამარტივებული პროცედურების გამოყენებით, მომთხოვნ სახელმწიფოში გადაცემის თაობაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის პოზიციის დასადგენად პროკურორი ვალდებულია, სასამართლოს მიმართოს შესაბამისი შუამდგომლობით. აღსანიშნავია, რომ შუამდგომლობით ბრალდების მხარე ითხოვს არა პირის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას, არამედ მხოლოდ შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე, რათა ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა გამოხატოს საკუთარი პოზიცია - ეთანხმება თუ არა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციას.

 

ამ ვალდებულების შესასრულებლად საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 29 იანვარს სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა ჯ. შეფერდს მოსამართლის წინაშე გამოეხატა პოზიცია - სურდა თუ არა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია. მას შემდეგ, რაც ჯ. შეფერდმა სასამართლო პროცესზე გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უარი განაცხადა, მომავალში, ბრიტანული მხარისთვის მისი გადაცემა სტანდარტული პროცედურით წარიმართება. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საექსტრადიციო მასალების 40 დღის ვადაში მიღებისა და შესწავლის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა ძებნილი პირის მის მომთხოვნ სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებაც შესაძლებელია ერთჯერადად გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში კერძო საკასაციო საჩივრის შეტანის გზით.

 

დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ეცნობება საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომელიც შესაბამის უცხო სახელმწიფოში პირის ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner