ჟურნალისტი თეა გვასალია სოციალურ ქსელში წერს:
„როგორც მოსალოდნელი იყო, განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას სკოლის გამოცდების გაუქმებისა და უნარების არასავალდებულო გამოცდად გამოცხადების შესახებ, fb-ზე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მე საკუთარ მაგალითზე ვიტყვი. ჩემი უფროსი შვილი, ელენე, მეათე კლასშია, ძალიან კარგად სწავლობს, ოთხ უცხო ენაზე საუბრობს, ბევრს კითხულობს, მართალია მხოლოდ ინგლისურად, მაგრამ მაინც. ამით იმის თქმა მინდა, რომ სწავლის პრობლემა არანაირად არ გვიდგას და მაინც, ძალიან გამიხარდა ე.წ. კატის გამოცდების გაუქმების ამბავი და აი, რატომ. ელენეს მომავალი პროფესია არჩეული აქვს. აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ რადგან აქ ამ მიმართულებით ვერსად ისწავლის, ხოლო მე არანაირად არ მხიბლავს სრულიად გამოუცდელი ბავშვის საზღვარგარეთ გაშვება, ჯერ პროგრამირებას ეუფლება, ალბათ ამ ფაკულტეტზე ჩააბარებს კიდეც, მერე კი თვითონ გადაწყვეტს სად და რა სპეციალობით გაიაროს მაგისტრატურა. სკოლაში ათებზე სწავლას და პროგრამირების დავალებების შესრულებას, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი დრო, ენერგია და ტვინის ჭყლეტა სჭირდება! ახლა, როცა ვიცით, რომ ქიმიაში, ბიოლოგიაში და კიდევ რამდენიმე საგანში, რომელიც მას თავის მომავალ პროფესიაში, არც ცხოვრებაში არასდროს დასჭირდება, მაგრამ გამოცდების შიშით ღამის პირველ საათამდე უწევდა მეცადინეობა, აღარ მოუწევს „კატის“ ჩაბარება, ისწავლის იმისთვის, რომ ხსენებულ საგნებში სკოლის დასამთავრებლად საკმარისი ნიშანი მიიღოს, მათგან გამოთავისუფლებულ დროს კი მათემატიკას, ქართულს, უცხო ენებს, პროგრამირებას და მისთვის საჭირო და საინტერესო საგნებს დაუთმობს და იქნებ იაპონურისთვისაც დარჩეს დრო, რომლის სწავლაც ძალიან უნდა. იმედი მაქვს, მალე იმასაც მიხვდებიან, რომ ბოლო კლასებში საგნები არჩევითი იყოს, როგორც ბევრ წარმატებულ ქვეყანაშია. ხოლო ვისაც უნარების გამოცდაზე გწყდებათ გული, ჩააბარეთ მეოთხე საგნად, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ”,– წერს თეა გვასალია.