საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია კორცხელში მომხარ დაპირისპირებას „ნაციონალური მოძრაობის" პროვოცირებულად აფასებს.
ბესელიას განცხადებით, კორცხელში მომხდარი ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები პარტია „ქართული ოცნების" მხარდამჭერები და წევრები არიან და აღნიშნულის კონტექსტში, არარელევანტურია კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ იყო მხარდამჭერი საარჩევნო უბანზე.
„ძალადობრივი გზით არჩევნების ჩატარება „ნაციონალური მოძრაობის" მახასიათებელი - ბუნებრივი, თანამდევი სტილია. ჩვენ ვემიჯნებით და ცალსახად ვამბობთ, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყო , ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. გამოძიება დაწყებულია და ეს იმის პირველი ნიშანია, რომ რეაგირება მოხდა. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ჩვენი ამოცანა არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაა. „ქართულ ოცნებას" არ სჭირდება იმ ტიპის არჩევნების სცენარი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა.
არსად მომხდარა მსგავსი ინციდენტი, გარდა იმ ერთი უბნისა, სადაც ბოკერია და მისი რაზმი იმყოფებოდა. პასუხისმგებლობა გადანაწილდება ყველა იმ ადამიანზე, ვინც ინციდენტის წამქეზებელი, დამწყები და მონაწილე იყო.
როდესაც ვლაპარაკობთ სამეგრელოს რეგიონზე, რომელიც ყველაზე მეტად არის დაზარალებული იმ ძალადობრივი, რეპრესიული სისტემის მიერ და როდესაც მსხვერპლი მოძალადეების წარმომადგენელს ხვდება, წინასწარვე დაძაბული, საკმაოდ მაღალი ემოციური ფონია შექმნილი და აქ სიფრთხილეა საჭირო. როდესაც მოძალადეები მსხვერპლს მაპროვოცირებლად ექცევიან, ეს დაპირისპირების რისკს ზრდის", - განაცხადა ეკა ბესელიამ.