საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ალ-ჰაჯ ჯგუფის დელეგაცია ეწვია. ჯგუფის თავმჯდომარე, სენატორი ტაჯ მუჰჰამად აფრიდი სააგენტოს უფროსს გიორგი ტატიშვილს შეხვდა. სენატორი საქართველოს ნახშირწყალბადების რესურსებით და მიმდინარე ტენდერით დაინტერესდა.
შეხვედრის დროს სააგენტოს უფროსმა სტუმრებს საქართველოში განხორციელებული პროექტები გააცნო, ასევე სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სენატორმა ხაზი გაუსვა მის დიდ დაინტერესებას საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალით და მომავალში ორმხრივად ითანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
ალჰაჯ ჯგუფი არის პაკისტანის უმსხვილესი კონგლომერატი, რომელიც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში ოპერირებს. კომპანია ფლობს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების რამოდენიმე ლიცენზიას პაკისტანში და წარმოადგენს Shell Pakistan ის სტრატეგიულ პარტნიორს, ასევე აქვს სტრატეგიული პარტნიორობა NATO ს ISAFის მისიასთან ავღანეთში.