logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილმა ივანე მაჭავარიანთან, ლევან დავითაშვილთან და გიორგი ქობულიასთან სამუშაო შეხვედრები გამართა
- +

30 იანვარი. 2019. 22:54

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობის წევრებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში პირველი სამუშაო შეხვედრები გამართა.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მინისტრებთან სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა.

 

პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა საფინანსო, საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის საკითხები, 2018 წელს განხორციელებული პროექტები და მიმდინარე წელს დაგეგმილი რეფორმები მიმოიხილეს.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან სალომე ზურაბიშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები განიხილა და ისეთ გარემოსდაცვით თემებს შეეხო, როგორიცაა: ჰაერის დაბინძურების საკითხი, გარემოსდაცვითი განათლების ამაღლებისა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებლობის მიმართულებები.

 

საქართველოს პრეზიდენტმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ კი შეხვედრისას საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის წევრებთან შეხვედრები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და პირველი სამუშაო შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან 15 იანვარს გამართა.

 

პრეზიდენტი ასევე შეხვდა: შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner