logo_geo
eng_logo
მზექალა შანიძე – 93
- +

30 იანვარი. 2019. 23:14

 

ქართველი ენათმეცნიერები, რომლებიც კარიერას თავიანთ სამშობლოში იქმნიდნენ, შენატროდნენ აკადემიკოს აკაკი შანიძის ქალიშვილს – მზექალა შანიძეს. მისი ბიოგრაფია მართლაც რომ სანატრელი იყო, მას ჰქონდა საშუალება უცხოეთში ემოგზაურა, ესწავლა და ემუშავა, იქ ჰყოლოდა კოლეგები და მოკეთეები, იმ უინტერნეტო ხანაში ღია ყოფილიყო მისთვის დიდი ქალაქების, მათ შორის, მეტროპოლიების, არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკები. ერთი მხრივ, ეს დიდი ბედნიერება იყო, რადგან წიგნი იმთავითვე უყვარდა და ვუნდერკინდის თვისებებსაც ავლენდა, სამი-ოთხი წლისა კითხულობდა („წიგნი ადრე ვისწავლე მე, სამი თუ ოთხი წლისა ვიყავი … საბავშვო ბაღში მე უკვე კითხვა ვიცოდი და რაღაც-რაღაცეებს ვკითხულობდი“), მეორე მხრივ, უდიდესი წყალობა იყო ისიც, რომ იგი სახელგანთქმული მეცნიერის ოჯახში იზრდებოდა, სადაც, როგორც იტყვიან, კედლებიც კი სამეცნიერო ენით მეტყველებდნენ, მაგრამ არსებობდა „მესამე მხარეც“ – დიდი მამის შვილობა უფრო მძიმე ტვირთი იყო, ვიდრე შეღავათი და შვება, რაზედაც სხვები კრინტსაც არ ძრავდნენ. ვინც ოჯახს ახლოს იცნობდა, უადგილო კითხვები და უმართებულო შეფასებები ვერ გაუჩნდებოდა, რადგან ყველასათვის ნათელი იყო, რომ იქ ბავშვებს ზნეკეთილ, გამრჯე ადამიანებად ზრდიდნენ, მათი ერთადერთი უპირატესობა, სხვა თანატოლებთან შედარებით, ის გახლდათ, რომ  საკუთარი ასაკისათვის შეუფერებლად ნაკითხები იყვნენ, თუმცა ქალბატონი მზექალა ამასაც სახლში არსებულ წიგნებს უფრო უკავშირებს, ვიდრე უშუალოდ მშობლების დახმარებას, რადგან მას, სულ პატარას, წერა-კითხვაც კი თავისით უსწავლია. „მამაჩემს ჩვენთვის დიდად არ ეცალა. შინ თუ იყო, იჯდა მაგიდასთან და მუშაობდა“, – ასე იგონებს იგი ბავშვობის წლებს.

 

მშობლები არც მის არჩევანში ჩარეულან. მისივე სიტყვებით, ფრიადოსან მზექალა შანიძეს მათემატიკაც ემარჯვებოდა, ბიოლოგობაც სურდა და იურისპუდენციაც აინტერესებდა, მაგრამ ბოლოს მაინც აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი აირჩია. სწორედ ამ დროიდან გაჩნდა უსამართლოდ მის ცხოვრებაში სახელოვანი მამის ჩრდილქვეშ ყოფნის თემა, რაზედაც ქალბატონმა მზექალამ თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუშიც ისაუბრა: „ყოველთვის ვდაობდი ამაზე და ვამბობდი, ყოველი ადამიანი არის თვითონ პიროვნება, უნდა შეეცადოს, რომ არავის ჩრდილში არ მოხვდეს … (მამა) არასოდეს არ მეხმარებოდა რამეს დაწერაში. მე ვიცი, არსებობს აზრი, რომ ნახევარი, რაც დამიწერია და გამიკეთებია, მისი დახმარებით იყო. ეს ასე არ არის“. მამა მას არც სამსახურის დაწყებაში არ დახმარებია. 1948 წელს დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, ასპირანტურაში სწავლის დროს (ხელმძღვანელი გიორგი წერეთელი) მივლინებული იყო ლენინგრადში (ახლანდელ სანკტ-პეტერბურგში), სადაც მას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდნენ ისეთი გამოჩენილი აღმოსავლეთმცოდნეები, როგორიც გახლდათ ცნობილი არაბისტი, აკადემიკოსი ე. კრაჩკოვსკი. მზექალა შანიძემ 1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში“. სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შემდეგ ერთი წელი მას სამსახური არ ჰქონია, მზექალა შანიძე ამასთან დაკავშირებით იგონებს: „მამაჩემმა მითხრა სწორედ, შენ არ იფიქრო, რომ მე შენი სამსახურის გულისთვის სადმე წავიდე და ვინმეს ვთხოვოო“. ქალბატონი მზექალას პირველი სამსახური იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილება, სადაც იგი 1953 წელს მისმა მასწავლებელმა ილია აბულაძემ მიიყვანა მეცნიერ-თანამშრომლად.

 

სადოქტორო დისერტაციის თემა დაუღალავ შრომას მოითხოვდა, მაგრამ მასზე მუშაობას სიამოვნებაც ახლდა და იმის შეგრძნებაც თან სდევდა, რომ იგი კეთილად დაგვირგვინდებოდა. ასეც მოხდა, 1974 წელს ქალბატონმა მზექალამ წარმატებით მოიპოვა საძიებელი ხარისხი სადოქტორო დისერტაციით – „ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები“ (წიგნად გამოიცა 1979 წელს). ნაშრომი განსაკუთრებული სიყვარულითა და, შეიძლება ითქვას, მოწიწებით შეიქმნა. ერთი, რომ საკვლევ მასალას ძველი ქართული ლექსიკა (ავტორისათვის გამორჩეულად საყვარელი დარგი) წარმოადგენდა და მეორე, ფსალმუნთა პოეზიაც ესალბუნებოდა მის პოეტურ სულსა და გონებას.

 

მზექალა შანიძე ავტორია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა (ცალკეული შრომები დაიბეჭდა გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, რუსეთსა და საბერძნეთში), მისი კვლევის სფერო ფართოა, იგი ფუნდამენტურობით გამორჩეული, არაერთი ენის  მცოდნე მრავალმხრივი მკვლევარია (ლინგვისტი, ტექსტოლოგი, კოდიკოლოგი). „ვისაც ერთხელ ხელნაწერი აუღია ხელში, იმას ვეღარ მოსცილდება“, – ამბობს ქალბატონი მზექალა და ოთხმოცდაცამეტი წლისა კვლავ ერთგულად განაგრძობს ხელნაწერთა შესწავლას. მას საკუთარ საქმიანობაში ყველაზე დიდ მიღწევად „ქართლის ცხოვრების“, სახელდობრ, დავითის ისტორიკოსის ტექსტზე მუშაობა მიაჩნია, თუმცა იმ ინტერვიუში, რომელშიც ამაზე საუბრობს, თავმდაბლად იმასაც ამბობს, რომ განსაკუთრებული დამსახურებები, მიღწევები არა აქვს და დასძენს: „მე ისეთი ხალხის ხელში გავიარე, რომ, მართალი გითხრათ, ჩემი დამსახურება ძალიან ცოტა არის, თუ არის, რამე დამსახურებაა ის, რომ ვისწავლე ის, რასაც მასწავლიდნენ“. ვისურვოთ, რომ დიდხანს იყოს ქალბატონი მზექალა, რომლისგანაც ბევრი, ძალიან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ მის ახალგაზრდა კოლეგებს და არამარტო მათ. ქალბატონი მზექალა მთელი საზოგადოებისათვის ქართული ენის  საუკეთესო მცოდნე და მისი სიწმინდის უბადლო დამცველია. მისი ავტორიტეტი იმდენად მაღალია, რომ ყოველი მოქალაქე, რომელიც ენის სიწმინდის შებღალვის ფაქტს შეამჩნევს, მისკენ იყურება, მისი იმედი აქვს.

 

მშობელი ხალხის ამგვარ დამოკიდებულებაზე დიდი ჯილდო არ არსებობს, ასეთივე დამოკიდებულების გამოხატულებაა სხვა ჯილდოები, რომლებიც  მას მრავლად აქვს. ვულოცავთ ქალბატონ მზექალას დაბადების დღეს და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბრწყინვალების ორდენს, რომელიც მას 15 იანვარს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩოხოსანთა დასისა და ფონდ „ქართველისაგან“ გადაეცა.

 

გუჩა კვარაცხელია

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის

ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner