ამერიკის რამდენიმე შტატსი რეკორდულად დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება. ყინვის და თოვლის გამო საჯარო დაწესებულებებმა, ფოსტამ და ბიზნესების ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა რამდენიმე შტატში. გადაიდო 2,700-მდე ფრენა და შეფერხდა მატარებლების მოძრაობა.
უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება ილინოისის, აიოვას, მინესოტას, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტას, ვისკონსინის, კანზასის, მისურის, მინესოტას და ნებრასკას შტატებში. ზოგიერთ შტატში ტემპერატურის -40 გრადუსამდე დაცემას ვარაუდობენ.
ჩიკაგოში ტემპერატურა -32 გრადუსამდე დაეცემა. შედარებისათვის ანტარქტიდაზე, პრისტლის მყინვარზე ტემპერატურა -21 გრადუსია.
სინოპტიკოსების თქმით ტემპერატურა ორშაბათამდე არ მოიმატებს. მიზეზი არქტიკიდან დაძრული ცივი ჰაერის მასაა, რომელმაც სამხრეთით გადმოინაცვლა.
ყინვის გამო ბოლო მონაცემებით 6 ადამიანი გარდაიცვალა. მოსახლეობას სახლებში დარჩენისაკენ მოუწოდებენ.