ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე პირველ არხთან ევროპარლამენტარ კლერ მუდის სტატიას აფასებს.
კლერ მუდმა სტატიაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა.
როგორც საბანაძემ აღნიშნა, კლერ მუდი არის ის ევროპარლამენტარი, რომელიც აქტიურად ჩართულია საქართველოს საკითხებში.
ნატალია საბანაძემ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ის არის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის, რომელიც არის არაფორმალური გაერთიანება ევროპარლამენტში და ამიტომ ლოგიკურია, რომ მას განსაკუთრებული ინტერესი აქვს იმ მოვლენების მიმართ, რაც მიმდინარეობს საქართველოში.
ქალბატონი პრეზიდენტი როდესაც იმყოფებოდა ბრიუსელში, შეხვდა ევროპარლამენტარებს გაფართოებულ ფორმატში, ევროპარლამენტარებს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან, არამხოლოდ მეგობრებს, არამედ საკმაოდ კრიტიკულად განწყობილებსაც. გაიმართა ძალიან საინტერესო საუბარი. საქართველოს პრეზიდენტს სხვა ძალიან მაღალი დონის შეხვედრებიც ჰქონდა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ეს ვიზიტი იმითაც, რომ შეხვდა სამივე პრეზიდენტს, შეხვდა ქალბატონ მოგერინის და ევროკომისარს შინაგან საქმეებზე. იყო როგორც გაცნობითი, ასევე საქმიანი ხასიათის ვიზიტი და შემდეგ, როდესაც ვიგებთ გამოხმაურებებს, ძალიან პოზიტიური განწყობა დატოვა პრეზიდენტმა და ძალიან კარგი და პოზიტიური განწყობის ფონზე ჩაიარა ვიზიტმა.
ჩემი აზრით, ეს სტატიაც ამ განწყობის გამოძახილია“,- განაცხადა საბანაძემ.
მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ლიდერის როლს რეგიონში და ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში.
„ახლა, როდესაც ევროკავშირში ემზადებიან არჩევნებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალმა კომისიამაც, პარლამენტარებმაც გარკვეულწილად უნდა გადაიბარონ და კარგია ეს პოზიტიური განწყობა რომელიც დარჩება და იმედია გაგრძელდება და გამოიხატება მხარდაჭერაში.
პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ამ ვიზიტის დროს ის იყო, რომ მეტი საქართველო იყოს ევროკავშირში იმისდა მიუხედავად, რომ ევროკავშირში ახლა ბევრი პრობლემაა, მზადება არჩევნებისთვის, სკეპტიციზმი გაფართოებასთან მიმართებაში. საქართველო აგრძელებს თავის პოლიტიკას, სურს გააძლიეროს ეს პოლიტიკა და უნდა მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში რამდენადაც ეს შესაძლებელია.
ეს ეხება ფიზიკურ ინტეგრაციას, კულტურულ წარმოჩენას და თავისთავად პოლიტიკურს და ეკონომიკურს. ამიტომ ჩვენ მეტი გზები უნდა ვეძებოთ რომ დავაშენოთ იმ საფუძველს, რომელიც გვაქვს.
ამ მხრივაც ეს სტატია ეხმაურება ამ განწყობას რომელ განწყობაშიც ჩაიარა ვიზიტმა და მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა პრეზიდენტსა და ევროპარლამენტარებს შორის“,- განაცხადა ნატალია საბანაძემ.
„სალომე ზურაბიშვილთან ერთად, საქართველო კვლავ წინ მიიწევს“, – ასეთი სათაური აქვს ევროპარლამენტარ კლერ მუდის სტატიას, რომელსაც „ევროაქტივი“ (Euroativ) აქვეყნებს. პუბლიკაციაში ევროდეპუტატი და საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი, საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტს აფასებს.