„იმედი მაქვს, რომ ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რიცხვი 2020 წლისთვის ჩვენი სახელმწიფოს, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შეიცვლება“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„დღეს, ამის თქმის სრული წინაპირობა არსებობს“, – განაცხადა გაბუნიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ არა NDI-ის კვლევამ ის, რომ ამომრჩევლის მხრიდან პოლიტიკური პარტიებისადმი ნიჰილიზმი მზარდია, რადგან გამოკითხულთა 44% ამბობს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია საკუთარ ინტერესს წარმოადგენს, ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეს ასეა და სხვანაირ სურათს არც ელოდა.
მისი თქმით, 2020 წლამდე ჯერ კიდევ შორსაა და ამომრჩეველს აქვს სრული ფუფუნება, დასკვნები ახლა არ გააკეთოს.
„ამომრჩეველს აქვს სრული ფუფუნება, ახლა არ ილაპარაკოს თავის საბოლოო არჩევანზე, რომელსაც 2020 წლის შემოდგომაზე გააკეთებს. ამაში არაბუნებრივი არაფერია. არსებობს ამომრჩეველი, რომელიც უფრო მეტს ითხოვს და ეს არის სწორი. ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლის მიერ დაქირავებული ადამიანები იმისთვის, რომ საქმე ვაკეთოთ კარგად და ვაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს წარმატებისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა შანსი, მმართველ პარტიასა და ოპონენტებს შორის დიალოგი დაიწყოს და საარჩევნო სისტემის შეცვლა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე მოხდეს, რადგან NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის, მისი მაჟორიტარი დეპუტატი ვინ არის, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტარის მაჟორიტარული პრინციპით არჩევის წესი გაუქმდეს, უბრალოდ, არსებობს დროის კონსტიტუციური დათქმა და ეს დათქმა 2024 წლამდე იარსებებს.
„პარლამენტში წარმოდგენილი არიან ჩვენი გუნდის მაჟორიტარები, რომლებსაც ხალხთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. თუმცა, ესეც გამოწვევად რჩება, რომ საზოგადოებასთან მეტი უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.