„საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი კენკრის ბაღების გაშენებაა“, - ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანია ,,აგრითაჩის“ დამფუძნებელმა ეკა ვეფხვაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, განსაკუთრებული პოპულარობით სამი კულტურა გამოირჩევა: ლურჯი მოცვი, მაყვალი და ჟოლო და მათი დამკვეთების უმრავლესობას სწორედ ამ კულტურების გაშენება სურთ.
„2013 წლიდან ჩართული ვარ სხვადასხვა მსხვილ აგრო პროექტში; ჩემს პარტნიორებთან ერთად ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც საქართველოში წარმატებით გააშენა ლურჯი მოცვის ბაღი. ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ადამიანთა ძლიერი გუნდი, რომლებიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ღრმა ცოდნას ფლობენ. გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა კომპანია, რომელიც საერთაშორისო ცოდნაზე და ადგილობრივ გამოცდილებაზე დაფუძნებულ მომსახურებას გაუწევდა ქართულ კომპანიებს. სოფლის მეურნეობის სექტორი გამოცოცხლდა და დღესდღეობით, ქართული ბიზნესი აქტიურად ახორციელებს ინვესტირებას ამ სფეროში”, - აცხადებს ეკა ვეფხვაძე.
"აგრითაჩი“ გასულ წელს დაფუძნდა და მისი მთავარი ფუნქციაა დაინტერესებულ პირებს აგრო-ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში დაეხმაროს.
კომპანია მათ სრულ მომსახურებას უწევს, დაწყებული ნიადაგებისა და კულტურების შერჩევიდან, დასრულებული საბოლოო პროდუქტის რეალიზაციითა და საექსპორტო ბაზრების მოძიებით.
„ჩვენი კომპანია 2018 წელს შეიქმნა და საკონსულტაციო მომსახურებას უწევს ისეთ დამკვეთებს, რომელთაც აქვთ სურვილი და ფულადი სახსრები და არ გააჩნიათ გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში. სანამ ბაღი გაშენდება, მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, რა კულტურა შეიძლება მოვიდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე და ფერმერისთვის რომელი იქნება ყველაზე მომგებიანი, ადგილობრივი და მსოფლიო ბაზრების მოთხოვნების გათვალისწინებით. გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა სერთიფიცირებულ სანერგეებთან ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში, რომლებიც კონსულტაციას გვიწევენ და საუკეთესო ჯიშების შერჩევაში გვეხმარებიან“, - განაცხადა ეკა ვეფხვაძემ.
მისივე განმარტებით, კომპანია ,,აგრითაჩი“ მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურებით არ შემოიფარგლება და თუ დამკვეთს სურვილი ექნება, ბაღების გაშენებისა და მოვლის სრულ ციკლს უზრუნველყოფს.
„შეგვიძლია განვახორციელოთ პროცესის სრული ჯაჭვი, ბაღების გაშენებიდან დაწყებული, მათი მოვლით დასრულებული. მათ შორის, ვიკლევთ ბაზარს, თუ რა პროდუქტია უფრო მოთხოვნადი, სად შეიძლება მისი რეალიზაცია და ვაკეთებთ ამ ყველაფრის სრულ ხარჯთაღრიცხვას“, - განუმარტა Bm.ge-ის ეკა ვეფხვაძემ.
ამჟამად ,,აგრითაჩი“ დაკავებულია ექსპერიმენტალური პროექტით, რომელსაც ის საქართველოში გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციასთან (FAO ) ერთად ახორციელებს. როგორც ეკა ვეფხვაძე განმარტავს, თუ პროექტი წარმატებული აღმოჩნდება, მას გაასაჯაროებენ.