საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას დღეს შეხვდება. ამის შესახებ ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან შსს-ს რამდენიმე გვარი თავად მიაწოდა.
„მგონია, რომ გამოძიება რასაც აკეთებს, იმაზე მეტი ინფორმაცია უნდა მქონდეს. რამდენიმე გვარი მე თვითონ მივაწოდე, მითხრეს, რომ მათზეც იციან და სხვებიც იციან. მაინტერესებს, ეს სხვები ვინ არიან და ველოდები სწრაფ რეაგირებას. ეს მეთოდები იმისთვის არის გამოყენებული, რომ ვიღაცამ ამ ბრძოლას ჩამომაშოროს. გამორიცხულია, ვერავინ ამას ვერ ეღირსება!“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გავრცელდა.