„ამბობენ, კაცობრიობის უბედურება მაშინ დაიწყო, როდესაც მაიმუნი ხიდან ჩამოძვრა...“
1935 წლის 31 იანვარს იაპონიის სოფელ ოსეში დაიბადა მსოფლიო ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი, მწერალი-ჰუმანისტი, მრავალი თანამედროვე აღმოსავლური სიბრძნის ავტორი, არაერთი ლიტერატურული პრემიის, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი კენძაბურო ოე, რომელიც ამომავალი მზის ქვეყნის ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი მწერალია. მის კალამს ეკუთვნის რომანი „ფეხბურთი 1860 წლისა“, „კულბიტი“, „პირადი გამოცდილება“, „მშვენიერი ანაბელ ლი“, მოთხრობების ციკლი „გაიღვიძე, ახალო ადამიანო“, „ჰიროსიმას ჩანაწერები“ და მრავალი სხვა. კენძაბურო ოეს მეუღლე გახლავთ ცნობილი იაპონელი სცენარისტის ქალიშვილი იუკარი იტამი. მათ ჰყავთ სამი შვილი, რომელთაგან პირველი – ჰიკარი ანუ „სინათლე“ - ტვინის თიაქარით დაიბადა და ვერ ლაპარაკობდა. მწერალი ხშირად იგონებს, რომ მთელი ცხოვრება „დაჩაგრულ“ შვილს მიუძღვნა და სწორედ ჰიკარის მეშვეობით შეძლო ყველა პრობლემასთან გამკლავება. როგორც თავად მწერალი წერს, სწორედ ჰიკარი გახდა მისი „ეგობელეტრისტიკის“ მუზა და ლაიტმოტივი: „მე ვცხოვრობ პატარა ადამიანთან ერთად, სახელად ჰიკარი. ვფიქრობ, სწორედ ის მაძლევს ძალას, ვწერო ჩემს ქვეყანაზე, სამყაროზე, სულზე... ჩვენ, იაპონელებმა, რომლებმაც ჰიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედია გადავიტანეთ, უნდა გავაფრთხილოთ ადამიანები მომავალი მსოფლიო წარღვნის თაობაზე, რათა ისინი მთელი ძალით აღუდგნენ წინ მსგავს საშინელებას, რათა იგი არსად და არასოდეს გამეორდეს!“
კენძაბურო-სანის ერთ-ერთი ნაწარმოებია „გარს შემომევლნენ წყალნი ვიდრე ჩემს სულამდე“... მახსოვს ერთი ცნობილი ინგლისელი კრიტიკოსის მიერ წიგნის სათაურთან დაკავშირებით გავლებული საოცარი პარალელი „ძველი აღთქმის“ (დაბადების) მე–4(14) თავთან: „შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეაძრწუნა“...
მართლაც რომ ყველა ძვალი „შემიძრწუნდა“ ამის წამკითხავს...
აქვე გეტყვით, რომ კენძაბურო ოეს ვაჟი ჰიკარი ოე ცნობილი კომპოზიტორი გახდა.
お誕生日おめでとうございます – დაბადების დღეს გილოცავთ კენძაბურო–სენსეი!
თეა ფირცხალავა