1832 წლის 23 იანვარს პარიზში დაიბადა იმპრესიონიზმის სულის ჩამდგმელი, უდიდესი ფრანგი ფერმწერი, გრაფიკოსი, ნატურმორმორტისტი, პორტრეტისტი, გრავიორი, ოფორტისტი და, უბრალოდ, უნივერსალი – ედუარდ მანე. 1889 წლამდე მანეს შემოქმედებას არავინ აღიარებდა, რის გამოც ცნობილი „პარიზის სალონის“ კრიტიკოსებმა რამდენჯერმე უთხრეს უარი სალონში ნამუშევრების გამოფენაზე. 1863 წელს განაწყენებულმა მანემ გამოფენა მაინც გახსნა, ოღონდ ეს იყო სულ სხვა სალონში, რომელსაც „განკიცხულთა სალონი“ შეარქვეს. სწორედ იქ გამოიფინა პირველად მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შედევრი „საუზმე ბალახზე“, რომელიც „განკიცხულთა სალონის“ სიმბოლოდ და საშინელი კრიტიკის ობიექტად იქცა. მოკლედ, აღიარება „მიუვიდა“, მაგრამ სკანდალის აკომპანემენტით. პრინციპში, მანეს ოლიმპზე ასვლა მხოლოდ „ოლიმპიას“ შექმნის და ლუვრის მიერ მისი შეძენის შემდგომ დაიწყო.
1860 წელს მანემ გაიცნო დეგა, მონე და რენუარი და თანდათანობით საკუთარი სტილი და ფერებიც შეცვალა. ამბობდა, ფერი გემოვნებისა და მგრძნობელობის შედეგად მოდისო და ასეც მოხდა.
1881 წლიდან მანეს კვლავ შეახსენეს თავი ატაქსიამ და რევმატიზმმა და კოორდინაციის დარღვევის გამო გადაადგილება უჭირდა. მაინც ბევრს მუშაობდა. იმ პერიოდში შეიქმნა მისი ცნობილი ნატურმორტები, აკვარელი და ერთ-ერთი ცნობილი ტილო „ბარი „ფოლი ბერჟერში“... ამის შემდეგ ედუარდ მანე გააღმერთეს, თომაზე მეტად თომებმაც იწამეს მისი ტალანტი და ოლიმპზე მიმავალი გზაც დაულოცეს. გვარის მსგავსების გამო, დღესაც კი ხშირად ერევათ მანე და მონე... არადა, გვარში ერთი ასოს სხვაობის გამო შეუძლებელია, მანე მონეში შეგეშალოს... ერთხელ მოხდა ისე, რომ ეს ორი გენია ერთსა და იმავე დროს აღმოჩნდა ერთსა და იმავე ქალაქის ერთსა და იმავე გამოფენაზე... ჩვენი „მარინე გიორგის ასული ფერაძე“ გამახსენდა... რა შუაშია, მაგრამ მაინც. სწორედ მაშინ და იქ გამოიფინა მანეს შედევრი „ოლიმპია“. საკუთარ ნახატთან მდგომმა მანემ გაიგონა, როგორ აქებდა საზოგადოება ვიღაც მონეს და მის პეიზაჟებს. გაგიჟდა... ჯერ ეგონა, გვარი ეშლებოდათ, მერე ეგონა, ეს ვიღაც მონე ჩემს გვარს ითვისებსო, მერე გაახსენდა, რომ პეიზაჟები, რისთვისაც იმ ვიღაც მონეს აქებდნენ, მას არ გამოუფენია... უცებ გაიხედა და დაინახა, რომ მისი „ოლიმპიას“ გვერდით ვიღაც სრულიად უცნობი მონეს ორი პეიზაჟი ეკიდა... სწორედ იმ გამოფენაზე და იმ დღეს შედგა კლოდ მონეს დებიუტი. მანეს სრულიად შიშველ ოლიმპიას ყველა აძაგებდა, ხოლო 25 წლის უცნობი კლოდ მონე კმაყოფილი იდგა და მილოცვებს იღებდა... ეს ორი ლეგენდა მალე დამეგობრდა, მერე კი მანე–მონეს გარჩევის „მეთოდიც“ შეიმუშავეს: მანე - ადამიანები, მონე - ლაქები. მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდ ექსპერტსაც შეიძლება გაუჭირდეს დაადგინოს, რომელია მანეს „დიდი არხი ვენეციაში“ და რომელია მონეს იმავე სახელწოდების შედევრი. ბარემ აქვე გეტყვით, რომ სკანდალური ნახატის „საუზმე მინდორზე“ მარცხენა კუთხეში, ქალის გახდილ კაბასთან, მოჩანს პატარა ნატურმორტი, რის გამოც მანე იმპრესიონიზმის სულისჩამდგმელად ითვლება.
1883 წელს მანეს მარცხენა ფეხი მოაჭრეს, ხოლო 10 დღის შემდეგ იგი საშინელ აგონიაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას მთელი პარიზის არისტოკრატია და მისი მეგობრები – მონე, დეგა და რენუარი დაესწრნენ.