ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტსა და მის დას, ირმა და ინგა ხოროიშვილებს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა ლევან დავითაიამ განუცხადა.
ის ჯერ მის დაცვის ქვეშ მყოფებს არ შეხვედრია, შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით მათი პოზიცია ადვოკატისთვის უცნობია.
„მათ სავარაუდოდ, ბრალად ედებათ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა. კონკრეტულად რომელი ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება, სამწუხაროდ, არ ვიცი, რამდენიმე საათში მეცოდინება“, - განაცხადა დავითაიამ.
შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს შსს-მ 16 პირი დააკავა. მათგან ერთ-ერთი მომღერალი, პროექტ „იქს ფაქტორის“ მონაწილე, გიორგი გასვიანიცაა.