ჟურნალისტი ირაკლი შონია საქართველოში 1992 წელს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და სოციალურ ქსელში, შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:
„1992 წლის 1 თებერვალს მთელი თბილისი ქუჩაში იდგა და აპროტესტებდა კრიმინალური ხუნტის მოსვლას და ვინ იცოდა რომ მეორე დღეს რამდენი მათგანი სახლში ცოცხალი აღარ დაბრუნდებოდა, რამდენმა გამოიკეტა სახლის კარი და დაუმშვიდობებლად დატოვა შვილები, მეუღლე, მოხუცებული მშობლები. 2 თებერვალს მეგაფონში მჭექარე ლია ენუქიძის ხმა ავტომატის კაკანმა ჩაახშო, ტრასირებულმა ტყვიებმა გმირთა მოედნის მხრიდან და აღმაშენებელზე ბტრ-ბის გრუხუნმა. მშვიდობიანი მანიფესტაცია არნახულად დახვრიტეს! ყველაზე მცირე ასაკის დაღუპული თხუთმეტი წლის იყო, ყველაზე უფროსი სამოცდაათი წლის! დაჭრილები უამრავი. მანამდე იყო სასაკლაო მომიტინგეების მეტრო „დელისთან“ და „დიდუბესთან" ნიღბოსანთა ჯგრო და მოლოტოვის კოქტეილების აფეთქება მომიტინგეთა თავზე, უფრო ადრე კი თბილისის შემზარავი ომი და რუსთაველის გამზირის ნაცარტუტად ქცევა ბეპაევის ჰაუბიცებით. მერე კი მოხდება აფხაზეთის დიდი უბედურება, მრავალგზის დალაშქვრა და დარბევა სამეგრელოსი, რომელიც დასრულდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას მკვლელობით!
პრეზიდენტის სახელის სკანდირება კი უამრავ პირტიტველა ბიჭს ტუჩებზე შეახმა, დახვრეტილ ეროვნულ დროშასთან ერთად. რომელი ერთი გავიხსენო და ჩამოვთვალო, ყველანი მახსოვს! ყველანაირად ვეცადე სამართლიანობისთვის რაიმე მიმეღწია, მათი მკვლელები დამესაჯა, მაგრამ ამ გასულ წლებში მეც თითქმის მარტო ვერაფერს გავხდი, გარდა იმისა რომ ხსოვნა დამრჩა მარადიული და ხშირად ვუნთებ სანთელს საქართველოს ზვარაკად შეწირულთ!
2 თებერვალი შემზარავი დღე! 2 თებერვალი შავად შავი თარიღი! გვაპატიეთ უთქვენოთ საქართველო! გვაპატიეთ უთქვენოთ სიცოცხლე!“ - წერს ირაკლი შონია.