logo_geo
eng_logo
ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირიდან, პროკურატურა სამის მიმართ პატიმრობას ითხოვს, დანარჩენების მიმართ - გირაოს
- +

2 თებერვალი. 2019. 13:54

 

 

„ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირიდან, 3 პირის მიმართ პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, დანარჩენების მიმართ - გირაოს“, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული პირების საქმის პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა განუცხადა.

 

როგორც პროკურორი განმარტავს, დაკავებულ პირებს შორის არიან როგორც ვიდეოს გამავრცელებლები, ასევე მისი მოპოვების მომთხოვნები და შემნახავები.

 

„17 დაკავებული პირიდან დღეს 9 პირის პროცესი წარიმართება. ნაწილი მათგანის მიმართ მოთხოვნილია პატიმრობა, ნაწილის მიმართ - გირაო, ვინაიდან ამ ბრალდებულებიდან ნაწილია, რომლებმაც არა მხოლოდ უკანონოდ მოიპოვეს და შეინახეს, არამედ გაავრცელეს აღნიშნული ჩანაწერი. გამავრცელებლების მიმართ მოთხოვნილია პატიმრობა, ხოლო იმ პირების მიმართ, რომლებმაც უკანონოდ მოიპოვეს და შეინახეს, მოთხოვნილია გირაო. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულია ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნულმა პირებმა, სხვადასხვა წყაროებიდან მოიპოვეს აღნიშნული ჩანაწერები. დანაშაულია, როცა იღებ ინფორმაციას სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს შესახებ, არ აცხადებ პოლიციაში და ამასთან ერთად, გონივრული დრო გაქვს, რომ რეაგირება მოახდინო, განაცხადო პოლიციაში და წაშალო ჩანაწერი, რათა არ მოხდეს მისი შემდგომი გავრცელება. უმეტესობა მათგანი თვითონ ცდილობდა აღნიშნული ვიდეოჩანაწერის მოპოვებას, არიან ადამიანები, რომლებმაც მეგობრებისგან და სხვადასხვა პირებისგან მიიღეს, მაგრამ უკანონოდ შეინახეს", - განაცხადა მარსაგიშვილმა.

 

რაც შეეხება იმ პირს, რომელიც ფარული ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელ youtube-ზე ატვირთვის გამო დააკავეს, პროკურორის განმარტებით, ის ერთ-ერთი კერძო დაწესებულების თანამშრომელია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული 17 პირიდან 9 პირის სასამართლო სხდომა ამ წუთებში იწყება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner