logo_geo
eng_logo
ზაზა მარჯანიშვილი: გურამ დოჩანაშვილი დიდი ადამიანია!
- +

23 მაისი. 2016. 18:07


 

ოპერისა და ბალეტის  სახელმწიფო თეატრი  ქართველი კლასიკოსის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების  „სამოსელი პირველის" გრანდიოზული მუსიკალური პრემიერისთვის ემზადება. ამ თემაზე „რეპორტიორთან" ისაუბრა იდეის ავტორმა და კომპოზიტორმა  ზაზა მარჯანიშვილმა:

„იდეა გაჩნდა ძალიან ადრე, როცა პატარა ვიყავი და პირველად წავიკითხე ეს საოცარი წიგნი, ვფიქრობდი, რომ გავიზრდებოდი, გადამეღო ფილმი. შემდეგ ჩემი გზა ავირჩიე უფრო კონკრეტულად, გავხდი მუსიკოსი, მაგრამ ეს წიგნი არ დამვიწყებია. ნიუ-ორლეანში როდესაც  ვცხოვრობდი, იქ ჩავწერე დამდენიმე კომპოზიცია, ანუ მუსიკალური პორტრეტები ამ წიგნის მთავარი პერსონაჟებისა და გავუგზავნე ბატონ გურამს საჩუქრად, აქედან დაიწყო ყველაფერი.

ბატონი გურამი არის დიდი ადამიანი, რომელიც  აჩვენებს ყოველ წამს სიკეთეს, სითბოს და თავმდაბლობას. ჩვენ ძალიან ხშირად მასთან კონსულტაციებს გავდივართ, გვინდა, რომ თავადაც კომფორტულად იგრძნოს თავი პრემიერაზე, შევინარჩუნოთ ის რელსები იმ სულიერი გზისა, რომლის დახატვაც მან მოინდომა ამ წიგნში და საოცრად გამოუვიდა. აქედან გამომდიმარე ჩვენ გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა  მასთან და ვიცავთ შემოქმედებითი მხარის მაქსიმალურ ეთიკურ ბალანსს.

 

მუსიკის კრიტიკოსები,  ალბათ შეიცნობენ სიმფონიურ ჟღერადობას, თანამედროვე კლასიკის ელემენტებს, თანამედროვე კინოს ელემენტებს, იმდენად, რამდენადაც მთავარი თემის ერთ-ერთი ხაზი გადის ბრაზილიაზე. სპექტაკლში იქნება ბოსა-ნოვა, ოპერისა და ბალეტის თეატრის 40-კაციანი ვოკალისტთა გუნდი, საბალეტო დასი, რომელსაც ლალი კანდელაკი უხელმძღვანელებს, იქნებიან ოპერის სოლისტები, რომლებიც შეასრულებენ არიებს. არიები იქნება ორ ენაზე  - ესპანურად და ქართულად. პროექტი სიდიდითა და მნიშვნელობით არის აუცილებელი დღეს, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ბატონი გურამ დოჩანაშვილის გზავნილი ხალხის მიმართ.

 

ყველამ მთელი სული და გული ჩავდეთ ამ პროექტში, როგორ გამოვა ეს ყველაფერი, თავად მაყურებელმა უნდა განსაჯოს", - განაცხადა ზაზა მარჯანიშვილმა.

 

მაყურებელს საშუალება აქვს, საპრემიერო სამზადისს ექსკლუზიურად Reportiori.ge -ზე ადევნოს თვალი.

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner