“ქართული ოცნების” მრჩეველმა პიარისა და კომუნიკაციის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ცილისწამებასთან და ამ მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა. ამის შესახებ მან „იმედი LIVE”- ის ეთერში ისაუბრა.
„ამის გაუმჯობესება არ ივარგებს. ამის გაუმჯობესება მას დააზიანებს. ჩემი აზრით, ჩვენ ერთი რამ გვაქვს გასაკეთებელი: გამოხატვის თავისუფლების ის ამერიკული სტანდარტი, რომელიც ჩვენთან არის და ძალიან ბევრს გვიშლის ნერვებს, მათ შორის მეც და დიახ უნდა გვეშლებოდეს ნერვები. იმავდროულად, უნდა არსებობდეს ქმედითი სამართლებრივი მექანიზმები, ოღონდ სამოქალაქო დარგში. ადამიანი ტყუილისთვის პასუხს უნდა აგებდეს: ის, ან ბოდიშს, ან ფულს უნდა იხდიდეს”, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
მან ასევე დასძინა, რომ ასეთივე დამოკიდებულება აქვს ამ საკითხზე „ქართული ოცნების” ლიდერს.
„სალომე ზურაბიშვილს ახლა ფრანგული სტანდარტის შემოღება სურს. ქალბატონი სალომე იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ბულინგის მსხვერპლი. ცენზურის დაწესება ჩვენ არ გვარგებს”, – თქვა ლაშა ნაცვლიშვილმა.
სიტყვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ პარალელურად ქვეყანაში დაცული უნდა იყოს ადამიანის ღირსება.
11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილისწამებასთან დაკავშირებულ კანონზე დისკუსიისთვის მზადაა. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს დაეთანხმა.
13 იანვარს კი, მესამე სექტორმა ცილისწამების შესახებ, კობახიძისა და ზურაბიშვილის განცხადებებზე განმარტებები მოითხოვა.