„იმედი გვაქვს, რომ 6 თებერვალს ჟენევაში რუსეთისა და საქართველოს უწყებათაშორისო დელეგაციების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შვეიცარიისა და მათი კომპანიის - „SGS“-ის წარმომადგენლებიც. ჩვენ ძალიან ველოდებით ამ შეხვედრის შედეგებს და ვიმედოვნებთ, რომ პოზიტიური იქნება“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კარასინი ასევე აღნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ შვეიცარიული კომპანიისთვის თანხის გადახდა ნახევარი წლით დააგვიანა, ხოლო რუსული მხარე სწორედ ამას ელოდებოდა.
„ახლა მნიშვნელოვანია, ამ შეთანხმების რეალიზაციის პროცესი ავაწყოთ. ჩვენ ველოდებოდით, სანამ ქართული მხარე თანხას შეიტანდა შვეიცარიული კომპანიისათვის. თანხის შეტანა ნახევარი წლით დაგვიანდა, თუმცა საბოლოოდ ფული მაინც გადაირიცხა. იმედი გვაქვს, რომ 6 თებერვალს ჟენევაში რუსეთისა და საქართველოს უწყებათაშორისო დელეგაციების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შვეიცარიისა და მათი კომპანიის - „SGS“-ის წარმომადგენლებიც. ჩვენ ძალიან ველოდებით ამ შეხვედრის შედეგებს და ვიმედოვნებთ, რომ პოზიტიური იქნება. თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდება, მაშინ, ამჯერად უკვე საბოლოოდ, საშუალება მოგვეცემა, 2011 წლის ნოემბერში დადებული შეთანხმების შესრულება დავიწყოთ“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
კარასინი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან საუბრის შემდეგ გადაწყდება ყველა ის საკითხი რაც საქართველო-რუსეთს შორის ტვირთბრუნვას ეხება.
„ყველა მონაცემი იმ საქონლის შესახებ, რომელიც ამ ტერიტორიებზე გაივლის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას გადაეცემა. მოვლენებს ნუ გადავუსწრებთ. ჯერ მონიტორინგის მექანიზმი უნდა აეწყოს. ზურაბ აბაშიძესთან ერთად მოვილაპარაკეთ, რომ ერთმანეთს თებერვლის ბოლოს შევხვდებით, უკვე ჟენევაში რუსეთისა და საქართველოს უწყებათაშორისო დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ გადავხედავთ ყველა სირთულეებს. ნუ ელოდებით სწრაფ გარღვევას ამ საკითხში. ჩვენ წინ სერიოზული ტექნიკური და ლოჯისტიკური სამუშაო გველოდება, რომელიც დროსა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რუსული მხარე ასეთი მუშაობისთვის მზად არის“, - აცხადებს კარასინი.