ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა.
საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე უკვე დაადასტურეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა, ესპანეთის მთავრობის მეთაურმა პედრო სანჩესმა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრემმა, დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯერემი ჰანტმა, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კუნცმა, დანიის საგარეო უწყებამ.
შეგახსენებთ, 2 თებერვალს გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, შემდეგ კი დიდმა ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ ხუან გუაიდოს დროებით პრეზიდენტად აღიარებდნენ, თუ 8 დღის განმავლობაში არ დაინიშნებოდა ახალი არჩევნები. ვენესუელის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ კვლავ უარყო ევროპის ქვეყნების ულტიმატუმი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. ულტიმატუმის ვადა გუშინ ამოიწურა.