logo_geo
eng_logo
2019 წლის 30 იანვარს ლელი ჯაფარიძეს 80 წელი შეუსრულდებოდა
- +

30 იანვარი. 2019. 15:04

 

 

სახალხო არტისტს, დიდი თეატრის სოლისტს ლელი ჯაფარიძეს 2019 წლის 30 იანვარს 80 წელი შეუსრულდებოდა. ქართველმა მომღერალმა მთელი ცხოვრება ოპერას მიუძღვნა...

 

თბილისელი, სოლოლაკელი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ბუნებამ ხმა მისცა, ოპერაზე სერიოზულად არ ფიქრობდა. მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, ის ლეგენდარული დავით ანდღულაძის კლასში მოხვდა და ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მომღერალი მას მეორე მამას უწოდებდა და, სიცოცხლის ბოლომდე, ერთი დღეც არ გავიდოდა ისე, რომ ლელის „დათიკო“ არ ეხსენებინა სიყვარულით და სევდანარევი მონატრებით.

 

1966 წელს, კონსერვატორიის გამოსაშვებ საღამოს, როგორც ყოველთვის, მოსკოვის დიდი თეატრიდან ჩამოსული კომისია ესწრებოდა. ბარიტონი ლელი (პასპორტში - ანტონი) ჯაფარიძე, ფაქტობრივად, გამოცდიდან წაიყვანეს მოსკოვში, სადაც მან 600-კაციან კონკურსში გაიმარჯვა და დიდ თეატრში ჯერ სტაჟიორი გახდა, შემდეგ - სოლისტი, რის მერეც 26 წელი წამყვან პარტიებს მღეროდა.

 

ეს იყო დიდი თეატრის ოქროს ხანა. ის დრო, როცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თეატრი ზენიტში იყო. საუკეთესო დრო საუკეთესო არტისტებით: ობრაზცოვა, ატლანტოვი, არხიპოვა, ვიშნევსკაია, ეიზენი, ნესტერენკო, მაყვალა ქასრაშვილი, ზურაბ ანჯაფარიძე... ბალეტიდან - ლავროვსკი, ვასილევი, მაქსიმოვა, ლიეპა, პლისეცკაია... დირიჟორები - როჟდესტვენსკი, შედრინი, სიმონოვი, როსტროპოვიჩი და ა.შ... დიდ თეატრში 3 ქართველი მამაკაცი მომღერალი იყო და სამივე - დავით ანდღულაძის მოსწავლე: ზურაბ ანჯაფარიძე, ლელი ჯაფარიძე, ზურაბ სოტკილავა. ლელის ხავერდოვანი, თბილი, სავსე ბარიტონი ჰქონდა. დიდი ენერგეტიკა და ქარიზმა.

 

ჩვენი დიდი პოეტი და მწერალი ირაკლი აბაშიძე, ლელის უფროსი მეგობარი, თავის მოგონებებში იხსენებდა: „ერთ დილას დიდ თეატრთან გავიარე, დილის სპექტაკლის აფიშა ვნახე, ჩაიკოვსკის „იოლანტა“. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, ეს დღე ჩაიკოვსკით დამეწყო-მეთქი. შევედი სპექტაკლზე და მესმის ჩემი ქართული ხმა! თურმე, ჩემი ლელიკა არ ყოფილა?!“

 

მოგვიანებით, აბაშიძის იუბილეზე „ლელიკამ“ და ივანე კოზლოვსკიმ ირაკლის „მხოლოდ შენ ერთს“ უმღერეს.

 

თეატრის დასი სულ გასტროლირებდა და ლელის 2-ჯერ აქვს მოვლილი ყველა ქვეყანა. ის მსოფლიოს წამყვან თეატრებში მღეროდა. ერთხელ მას ამერიკაში შესთავაზეს დარჩენა, მაგრამ ეს ის დრო გახლდათ, როცა სხვა ქვეყანაში დარჩენა, ავტომატურად, სამშობლოში დაბრუნებას გამორიცხავდა, ამიტომ უარი თქვა.

 

სულ 90-მდე პარტია აქვს ნამღერი, ისეთ ოპერებში როგორებიც არის „კარმენი“, „ტოსკა“, „იოლანტა“, „ხოვანშინა“, „ბორის გოდუნოვი“, „აიდა“, „ომი და მშვიდობა“, „ბალ-მასკარადი“, „ოტელო“, „რიგოლეტო“ და სხვა... ამასთან ერთად მოსკოვში, არბატზე, საქართველოს კულტურის ცენტრის დირექტორობას ასწრებდა.

 

ცნობილ ბარიტონს დავით გამრეკელს ძალზე თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ლელისთან და შვილს უწოდებდა მას. ეუბნებოდა, მე რომ არ აღარ ვიქნები, შენ უნდა გადამასვენო საქართველოშიო. ასეც მოხდა. მარშალმა არჩილ გელოვანმაც მიიღო ამაში მონაწილეობა და საგანგებოდ გამოუყო გამრეკელს სამხედრო თვითმფრინავი.

 

ერთი ნაკლი ჰქონდა ლელი ჯაფარიძეს: მას საშინლად არ უყვარდა კამერები, ჟურნალისტები, რეკლამა, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ - პიარი. ამიტომ მისი ჩანაწერები ძნელად თუ მოიძებნება. ამის გამო, ლელის საოპერო მოღვაწეობის შესახებ მხოლოდ მათ იციან, ვინც სპექტაკლებზეა ნამყოფი.

 

დღევანდელმა საზოგადოებამ ის სხვა კუთხით გაიცნო. მებრძოლი, ოპოზიციონერი ლელიკო ჯაფარიძე. 1990 წელს ის წამოვიდა დიდი თეატრიდან და მოსწავლეები აიყვანა. ახლა ისინი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მღერიან.

 

2005 წელს ლელი ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და პირველი, რაც გააკეთა - კონსერვატორიაში მივიდა, ქართველი სტუდენტებისთვის სურდა სიმღერა ესწავლებინა. იქ მიიღო პირველი დარტყმა. სამშობლოში დაბრუნებული სახალხო არტისტი კონსერვატორიაში არ მიიღეს ასაკის გამო. უბრალო სიტყვებით - ბებერი ხარო, უთხრეს. ეს ის დრო იყო, როდესაც ალექსანდრე ლომაიამ გამოაცხადა, 40 წლის ხეც კი არ უნდა იდგეს სკოლის ეზოშიო.

 

მეორე ძლიერი დარტყმა იყო, როცა არტისტს ახალი ნაყიდი და გარემონტებული სახლი დაუნგრიეს თაბუკაშვილის 50-ში. ისიც იმდროინდელი მთავრობის სურვილის გამო. ფაქტობრივად - უმიზეზოდ. ზედმეტად მაღალიაო, - ამბობდნენ და დღეს ყველასთვის ხილულია, რამხელა ცათამბჯენი დგას იმ ადგილას. ასეთი „თბილი“ მიღების შემდეგ, ჯაფარიძემ მოღვაწეობა დაიწყო როგორც ოპოზიციონერმა და წინა მთავრობის (ნაციონალების) „მოშორებაში“ მას დიდი დამსახურება აქვს.

 

ამ ყველაფერმა არტისტის ჯანმრთელობა და ენერგია წაიღო. „დავუყევი ნელ-ნელა დაღმართს“, - ამბობდა ხოლმე ლელი. ბოლო წლები მან სიმშვიდეში, საყვარელ ოჯახთან ერთად გაატარა. მოასწრო თავის კედლებში შესვლა. სახლში შევჩენკოს ქუჩაზე, რომელიც იმ დანგრეული კორპუსის სანაცვლოდ აშენდა 9 წლის შემდეგ.

 

ახლა ოჯახი ცდილობს, დიდი თეატრის არქივს დაუკავშირდეს, რომ მისი სპექტაკლების ვიდეოჩანაწერები მოიძიოს. ისტორიას უნდა დარჩეს მისი ხმის საოცარი ტემბრი. ლელი ამბობდა ხოლმე: „ადამიანის დაბადების და გარდაცვალების რიცხვების შორის ტირეა. აი, ეს ტირე არის ადამიანის განვლილი მთელი ცხოვრება“. ამისთანა ღირსეული ტირე უკვე თითებზე დასათვლელ ადამიანებს აქვთ.

 

შვილი გვიან ეყოლა, გოგონა. მის ვერც ერთ სპექტაკლს ვერ მოესწრო. სამაგიეროდ მხოლოდ მისთვის არის ცნობილი მისი საუკეთესო როლი - მამის როლი. ის ყოველთვის იარსებებს: მეგობრებისთვის - ლელიკა, პასპორტში - ანტონი, რუსებისთვის - Лерочка, ქართველებისთვის - ლელიკო, ახლობლებისთვის - ანტონიო, ლელიკუნა...

 

სიკეთით სავსე ადამიანი, ნამდვილი ხელოვანი, პირდაპირი, გულუბრყვილო, მებრძოლი, ერთგული, მოსიყვარულე, სამართლიანი... დიდი ბავშვი - ლელი ჯაფარიძე!

 

ავტორი: ნინი ჯაფარიძე

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner