2019 წლის 4 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან.
მხარეებმა განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარება. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხები. აქცენტი გაკეთდა ძალის არგამოყენების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე საგნობრივი მოლაპარაკებებისა და პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის, მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესში, განსაკუთრებით კი - რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფაში.
თავის მხრივ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, კრიზისის საკითხებში კვლავ დაადასტურა მზაობა, საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში აქტიურ და ქმედით ჩართულობაზე.