ეროვნულ–ქრისტიანული მოძრაობის ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გიორგი ანდრიაძე ფიქრობს, რომ სკამისთვის ბრძოლა არ უნდა იყოს, მორიგი პოლიტიკური ისტერიის საფუძველი. ანდრიაძე მოუწოდებს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატები არ წარადგინონ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი ანდრიაძემ განუცხადა, თუ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თავიანთ მაჟორიტარობის კანდიდატებს არ წარადგენენ, ამით საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. ამასთან, პოლიტიკურ ასპარეზზე, ახალი პოლიტიკური ფიგურები გამოჩნდებიან.
„ჩემი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოში შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა. მას აქვს არსებობის მორალური უფლება და ვფიქრობ - დიდი პერსპექტივები. საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ განვითარებული მორიგი სპექტაკლი, ყველასთვის ნაცნობი შედეგით დასრულდა. NDI-ის კვლევებმა ეს ყოველივე დაადასტურა. კერძოდ, ობიექტურმა, ნეიტრალურმა კომპანიამ დააფიქსირა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა, 50%–ზე მეტის მხარდაჭერა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია. საზოგადოებაში მძაფრი მოთხოვნილებაა, ახალი სახეების და პოლიტიკური ძალის. ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი ტიპის მონაცემით ჩანს, რომ ქვეყანა არის კრიზისში და საზოგადოება უნდობლობას უცხადებს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. ამ მონაცემების ფონზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიმეღო არჩევნებში. როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა, მაშინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავაფიქსირე, რომ გავაგრძელებდი ბრძოლას მთაწმინდის მაჟორიტარული კანდიდატობისთვის. მოვუწოდებ, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“, ნუ წარადგენენ თავიანთ კანდიდატებს, რათა საზოგადოება დამშვიდდეს და არჩევნებმა მთაწმინდის რაიონში მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. ამით გამოჩნდებიან ახალი პოლიტიკური ფიგურები. ვფიქრობ, სკამისთვის ბრძოლა არ უნდა იყოს, მორიგი პოლიტიკური ისტერიის საფუძველი. იმ პოლიტიკური ისტერიისა, რომელიც ნევროზულ მდგომარეობაში აყენებს მთელს საზოგადოებას“, - განაცხადა ანდრიაძემ.
მისივე თქმით, იგი თავადაც აპირებს, მთაწმინდის ოლქში კენჭი იყაროს.