საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა, ერთობლივი შეხვედრა გამართეს რუმინეთის ელჩთან საქართველოში რადუ-ლივიუ ჰორუმბასთან.
ტრადიციად იქცა კომიტეტების შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ელჩებთან, და შესაბამისად, დღევანდელი ღონისძიებაც, ამ ტრადიციის გაგრძელებას წარმოადგენდა. ვინაიდან. სწორედ რუმინეთი გახდა ახლახან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა.
რუმინეთის ელჩთან შეხვედრის თემა იყო “რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები“.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ ისკო დასენმა, რომელთა განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო მზარდი და აქტიური ხდება ჩვენს ქვეყნებს შორის, ორმხრივი თანამშრომლობა, ხალხთა შორის კავშირები, ასევე აღსანიშნავია, რომ რუმინეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ტრადიციული მხარდამჭერია და აქტიური ლობისტი, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
რუმინეთის ელჩმა თავის გამოსვლაში გარდა იმისა, რომ ისაუბრა, იმ პრიორიტეტებზე, რომელთა განხორცილებასაც რუმინეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში გეგმავს, ასევე ყურადღება დაუთმო საქართველო-რუმინეთს შორის, ორმხრივ ურთიერთობებს, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა და სულ უფრო ნაყოფიერი ხდება. ელჩმა მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა ის ფაქტი, რომ ახლახან რუმინეთის ქალაქ იაშში, პოეტ ბესარიონ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა და იაშსა და ქუთაისს შორის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.
ელჩის განცხადებით, მომავალი ექვსი თვის განმავლობაში, რაც რუმინეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნა იქნება, ინტენსიურ მუშაობას გეგმავენ სახვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, შავი ზღვის ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და სხვა.
რუმინეთის ელჩმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, როგორც რუმინეთის, ასევე ევროკავშირის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ერთიანი ევროპული ღირებულებაა და ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარების პოლიტიკას“, - განაცხადა რადუ-ლივიუ ჰორუმბამ. მან ასევე უპასუხა დამსწრე საზოგადოების კითხვებს.
დასასრულს, სოფიო ქაცარავამ რუმინეთის ელჩს, მის ქვეყანას მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისათვის.
„კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს ქვეყანას - რუმინეთს ასეთი მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ და პირველ რიგში, იმ მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ, რომელიც ეხება სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ და იმედი გამოთქვა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორ ქვეყანას, შორის საპარლამენტო კავშირები.
შეხვედრას, ორი კომიტეტის წევრების გარდა, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, პარლამენტის სტაჟიორები.