ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში გამყოფ ხაზთან სასულიერო პირის დაკავების დეტალებზე ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობენ. ეპარქიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ცხინვალის ე.წ. სასამართლოში დღეს პროცესი შედგეს და ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლობამ დაკავებულ მღვდელს ჯარიმის გადახდა დააკისროს.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია, დაკავების დეტალები ჩვენთვის უცნობია, ვიცით, რომ მამაო ცხინვალის მილიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, იმედი გვაქვს, დღესვე გაათავისუფლებენ. მიწის ნაკვეთი, სადაც მამა დავითი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, პირდაპირ გამყოფ ხაზის პერიმეტრზე მდებარეობს. შემოდგომით ამ ადგილას ყანა დათესა, მაშინ არანაირი პრობლემა არ შექმნილა", - განაცხადა ეპარქიის სასულიერო პირმა მამა დავითმა (მჭედლიძე).