„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ავლაბრის სასახლეში საქართველოს კულტურის ცენტრის არსებობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კონსულტაციებში პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩართული არ არის.
„კონსულტაციებში ჩართული არ ვართ, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და მასაც მიაჩნია, რომ კარგი იქნება ამ შენობის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება. ასევე, მას მოსწონს იდეა იქ საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის განთავსების, თუმცა ამისთვის იქ უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტები. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ავლაბრის სასახლეში საქართველოს კულტურის ცენტრის არსებობას. რა ფორმით იქნება ეს, იქნება ხელნაწერთა ინსტიტუტი თუ სხვა ტიპის მუზეუმი, აქ შენობაც უნდა პასუხობდეს მოთხოვნებს“,- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.