პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკაში ოჯახური ძალადობის მაჩვენებლის ზრდა უწყებისთვის მსხვერპლთა მიმართვიანობამ გამოიწვია.
როგორც ჩუგოშვილი აღნიშნავს, ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის.
„სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ზრდა არის ოჯახში ჩადენილი დანაშაულის კატეგორიაში. მე ამას უარყოფითად არ შევაფასებ იმიტომ, რომ ოჯახური ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა - ეს არის დანაშაული, რომელიც ძალიან ფართოდ არის გავრცელებული. წლების განმავლობაში მათი რეგისტრირება და იდენტიფიცირება არ ხდებოდა, რადგან პოლიციას არ მიმართავდნენ მსხვერპლები, არ ენდობოდნენ სახელმწიფოს. ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით გასულ წელს დიდი რაოდენობით არის გაზრდილი მიმართვიანობა, ანუ დანაშაულის გამოვლენა, რაც თავისთავად ცუდი მაჩვენებელი არ არის. რაც შეეხება სხვა კატეგორიის დანაშაულებს, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო თავად გააკეთებს განცხადებას“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.