„მინდა მივესალმო ამ ახალ ფორმატს, რომლის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტების თავმჯდომარეები წარვდგებით პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმით. ეს აძლიერებს პარლამენტს, როგორც ქვეყნის მთავარ კონსტიტუციურ ორგანოს და აძლიერებს დემოკრატიულ პროცესს ქვეყანაში, რადგან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულთა წრე და მათი პროცედურული ვალდებულებები იზრდება და ფართოვდება“,- განაცხადა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
კომიტეტის საქმიანობაზე საუბრისას, ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რომ კომიტეტი გააგრძელებს, ყველა იმ ძირითად საკითხის განხილვას, რაც მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარებისთვის.
„ჩვენ ამ დარბაზში დეკემბრის თვეში გვქონდა მაღალი დონის ფორუმი, ქვეყნის უმაღლესი პირების, ელჩების, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, სადაც ყველა ის ძირითადი საკითხი განვიხილეთ, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის. ეს პროცესი არ შეწყდება, ამ პოლიტიკას ჩვენ შევინარჩუნებთ, როგორც ერთ-ერთ მთავარ და პრიორიტეტულ საკითხს.“-განაცხადა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, პარლამენტში აქტიურად დაიწყება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხილვა და ჩატარდება სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, საანგარიშო პერიოდში კი კომიტეტმა შეიმუშავა სტრატეგია და დაამტკიცა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც კომიტეტის საქმიანობის მიმართულებების მიხედვით, აერთიანებს 4 ძირითად მიზანს და 14 ამოცანას.
„ეს დოკუმენტი არსებითად არის კომიტეტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის, ღიაობისა და გამჭვირვალობის, გადაწყვეტილებათა მიღების სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის - წლების და თვეების მიხედვით გაწერილი კომპლექსური გეგმა.
კომიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები შეესაბამება სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და ამოცანებს, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის პრიორიტეტებს და მაქსიმალურად მოიცავს ადგილებზე არსებულ გამოწვევებს, საჭიროებებსა და ინტერესებს“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ვალდებულება აქვს განახორციელოს ყოვლისმომცველი საჯარო მმართველობის რეფორმა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
„ამ ფართო და მრავალსექტორული რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებას და გარკვეული საჯარო მომსახურებების შემდგომ დეცენტრალიზაციას, რომელსაც დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები ახორციელებენ. ეს საკითხი იყო და ბუნებრივია რჩება კიდეც კომიტეტისთვის ერთ-ერთ მთავარ სამუშაო თემად მიმდინარე წელსაც. მიზანი გახლავთ, რომ მივაღწიოთ უფრო გამჭვირვალე, პროგნოზირებად, პასუხისმგებლიან და ეფექტური მართვის სტანდარტებს, რომელიც დააკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნებს და იქნება ევროპულ სტანდარტებთან მისადაგებული“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დასანერგად კომიტეტმა უზრუნველყო ევროპულ პოლიტიკურ დოკუმენტებთან ადაპტირების პროცესი, რაც მნიშვნელოვანია მმართველობის ამ სისტემის იმიჯისთვის საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და მნიშვნელოვანია მისი შემდგომი განვითარებისა და სრულყოფისათვის.
„კომიტეტის საქმიანობის ღიაობა და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია, მაგრამ ამას მნიშვნელობა აქვს იმდენად რამდენადაც პოლიტიკის შემუშავების პროცესის კარი არის ღია და მასში მონაწილეობს როგორც ამ პოლიტიკის ბენეფიციარი, ასე მონაწილეობს სამოქალაქო საზოგადოება და აკადემიური წრეები“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა, საანგარიშო პერიოდში ჩატარებული სხდომებისა და განხილული კანონპროექტების სტატისტიკური მონაცემების შესახებ.
ზაზა გაბუნიამ ყურადღება გაამახვილა ასევე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებაზე და აღნიშნა, რომ ეს პროცესი წარმატებულად ხორციელდება. „თუმცა, ეს კანონი და ზოგადად პოლიტიკა მაღალმთიან რეგიონებთან მიმართებაში საჭიროებს კიდევ უფრო დახვეწას და გაუმჯობესებას და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი, რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად და რეგიონების მაჟორიტარებთან ერთად ვაპირებთ ამ საკითხზე მუშაობის მიმდინარე წელს გაგრძელებას“,-განაცხადა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ზაზა გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ახალი რეგლამენტით დადგენილი „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე კვირის ბოლოს, პარლამენტის წინაშე, პირველად რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი წარსდგება.