logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანმა ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურებზე ისაუბრა
- +

5 თებერვალი. 2019. 20:29

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა იმ სიახლეებზე ისაუბრა, რასაც პარლამენტის ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ის ნოვაცია და ის პროცედურა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, პარლამენტის თავმჯდომარის  ანგარიშის სახით, ეს არის სწორედ, ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული და აქვე აღნიშნა, რომ ის სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას წარმოადგენს. „მაშინ როდესაც ჩვენ რეგლამენტზე ვმუშაობდით პარლამენტის თავმჯდომარემ დააყენა ეს ინიციატივა და პირველად ხდება საპარლამენტო ისტორიაში, როდესაც ჩვენ ასეთ პროცედურას გავდივართ და ვისმენთ პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებას“.

 

მომხსენებლის თქმით, ახალი რეგლამენტის მიღებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა რასაც წინ უსწრებდა კონსტიტუციური ცვლილებები. მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებით მოხდა საპარლამენტო რესპუბლიკის საფუძვლების გაძლიერება,  ეს ტენდენცია აისახა პარლამენტის რეგლამენტშიც. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა  საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე.

 

გიორგი კახიანის განცხადებით, სრულიად ახალი პროცედურაა მინისტრის საათი, რომლის მსგავსიც აქამდე არ არსებობდა პარლამენტის ცხოვრებაში. - „როდესაც ჩვენ მიმდინარე კვირას წინ გველის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგენა პარლამენტის წინაშე, როდესაც იგი ისაუბრებს განათლების სფეროში არსებულ რეფორმებზე, ასევე ჩვენ გველის მიმდინარე კვირას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა, უკვე მინისტრის საათის ფარგლებში, ესეც არის სრულიად ახალი პროცედურა. ესეც რეგლამენტის სიახლეა, როდესაც მინისტრი წარდგება პარლამენტის წინაშე და ისაუბრებს სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე მის სფეროში და თქვენ იცით, რომ ბიუროს სხდომაზე მთელი წლის განმავლობაში გაიწერა  მინისტრების გამოსვლებთან დაკავშირებული განრიგი“, - განაცხადა კახიანმა.

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა უმცირესობის მხრიდან გამოთქმულ განცხადებებს, თითქოს რეგლამენტის მიღების პროცესში მათი ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული.

 

„მე შემიძლია ვთქვა, რომ პროცესი, რომელიც რეგლამენტის მიღებას წინ უძღვოდა იყო ხანგრძლივი, უპრეცედენტოდ ღია და ფაქტიურად ყველა მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა,  ამ პროცესში მონაწილეობა მიეღო. პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, უმცირესობის წარმომადგენლებიც. და ის, რომ მათ დაყენებული ყველა მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული,  იმას არ ნიშნავ, რომ ეს პროცესი არ იყო გახსნილი და ამ პროცესში არ იყვნენ ჩართული მხარეები“, განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

კომიტეტის თვამჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგებს შეახსენა, ის სიახლეები, რაც  ყოველდღიურ საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის როლის გაზრდის მიზნით განხორციელდა. პირველ რიგში მან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წესზე ისაუბრა, რომელიც არის გამარტივებული და ამ პროცესში ოპოზიციას შეუძლია ითამაშოს გადამწყვეტი როლი, ანუ ოპოზიციას თავად შეუძლია შექმნას საგამოძიებო კომისია. ასევე ახალი რეგლამენტით ახლა ოპოზიციის ხელშია კომიტეტის სხდომებზე მინისტრების მოწვევის უფლება. „გარდა ამისა გამარტივდა დებატების დანიშვნის წესი, მაშინ, როდესაც დებატების დანიშვნა ხდებოდა უმრავლესობის გადაწყვეტილებით პლენარულ სხდომაზე, ახლა არანაკლებ ერთ მეხუთედს აქვს ამის შესაძლებლობა და  ესეც ოპოზიციის ხელში არსებული ბერკეტია. ასევე შეგახსენებთ ინტერპელაციის მექანიზმს, როდესაც ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა მინისტრს შესაბამისი კითხვით მიმართოს და  ეს კითხვები დაუსვას უშუალოდ პლენარულ სხდომაზე“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ახალი რეგლამენტის მიხედვით  პრემიერი წარდგება პარლამენტის წინაშე და  ოპოზიციას ეძლევა  შესაძლებლობა კითხვები დაუსვას პრემიერს. „და თუნდაც დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან არაერთი კითხვა იყო დასმული მათი მხრიდან, რისი შესაძლებლობაც აქამდე არ არსებობდა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა. მან თავისი გამოსვლის დასასრულს  სურვილი გამოთქვა, რომ პარლამენტმა ახალი რეგლამენტით შემოთავაზებული სიახლეების სწორად რეალიზების პრაქტიკის დანერგვა  შეძლოს.

 

 

 

  

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner