logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის რეფორმის მომზადებაში კომიტეტი აქტიურად მონაწილეობს
- +

5 თებერვალი. 2019. 20:38

 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2018 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა. კომიტეტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმასთან  ერთად, მომხსენებელმა მნიშვნელოვანი ინიციატივები და გამოწვევები გამოყო.

 

„მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრმა გაითვალისწინა ჩვენი წინადადება და მუშაობა დაიწყო ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის რეფორმაზე, რომლის მომზადებაში კომიტეტიც აქტიურად არის ჩართული. რეფორმის შედეგად შეიქმნება სააგენტო და ის კითხვები და გამოწვევები, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვან სექტორში არსებობს, ძალიან მალე სამოქმედო გეგმაში გამოიკვეთება და ახალი ინიციატივები გატარდება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, 2018 წელს საქართველოს რეგიონებში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალი კანონპროექტის საჯარო განხილვების ფორმატში გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპორტით დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე გამოთქმული ინიციატივები და შენიშვნები კანონპროექტის ახალ რედაქციაში აისახება, რომელიც უახლოეს პერიოდში პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეცემა. მიხეილ ყაველაშვილი კომიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს შეეხო და განაცხადა, რომ მასობრივი სპორტის განვითარება და მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ზრდა, კომიტეტის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

 

„კომიტეტის სახელით პრემიერ-მინისტრს რეკომენდაციით მივმართე, რათა საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმის და სპორტული ობიექტების მართვის ეროვნული გეგმის მომზადება დაიწყოს. ამ ინიციატივის განხორციელებით ჩვენ შევძლებთ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას, შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მათ ეფექტურ მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფას. კომიტეტი ასევე მუშაობს რეფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს სპორტულ ფედერაციებში კარგი მმართველობის სტანდარტების დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს სპორტსმენთა უფლებების დაცვას და ფედერაციის საქმიანობაში მათ აქტიურ მონაწილეობას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner