ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანოს 2018 წლის საქმიანობის შეფასებისას აღნიშნა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის განვითარების და პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერების კუთხით, გასული წელი უმნიშვნელოვანესი იყო.
„საქართველოს კონსტიტუციამ და პარლამენტის რეგლამენტმა ახალი ქმედითი ბერკეტებით აღჭურვა პარლამენტი არამხოლოდ საკანონმდებლო პროცესის სრულყოფის და საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების მიმართ, არამედ ასევე ძალიან მკაფიოდ გამოკვეთა პარლამენტის მესამე კონსტიტუციური პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც, რაც პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დამტკიცება და შექმნაა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
აკაკი ზოიძემ კომიტეტის სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესზე საუბრისას აღნიშნა, რომ დარგის სპეციალისტების ჩართულობით, არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით გრძელვადიანი ხედვა მომზადდა. მისივე ინფორმაციით, კომიტეტი ამჟამად აქტიურად მუშაობს იმ ინიციატივებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია დაგეგმილი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართულებით და გვსურს მათი კონცეფციის ფორმით დამტკიცება. რეფორმის ძირითადი არსი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის დაძლევა, ასევე წამლებზე დანახარჯების ფაქტორების მოხსნა იქნება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.