2019 წლის 5 თებერვალს, აშშ- აშშ-ში ვიზიტად მყოფმა, საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „Freedom House“- ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კვლევა კიდევ ერთხელ ამყარებს დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით, საქართველოს ლიდერ პოზიციებს რეგიონში. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული შეფასება ქვეყნისთვის დიდი მონაპოვარია და ხელისუფლება ამ მიმართულებით მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას.
„საქართველო იკვეთება ლიდერად დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით და ეს ასახულია კიდეც „Freedom House“-ის ანგარიშში, მთავარია, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ისწრაფვის იმისკენ, რომ საზოგადოებაში მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია და გაძლიერება. ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების გამოხატული პოლიტიკური ნება, რაც არაერთხელ დაფიქსირებულა უმაღლესი წრეების მიერ და მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა, რათა ჩვენ პარტნიორებთან ერთად, გავაძლიეროთ ჩვენი მონაპოვარი დემოკრატიული ინსტიტუტების სახით. შეფასება, რომლის მიხედვითაც ქვეყანა არის ლიდერი რეგიონში კიდევ უფრო გამყარდება. ჩვენ კიდევ უფრო, თამამ ნაბიჯებს გადავდგამთ“ - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება ორგანიზაციის მიერ წინა კვლევის შედეგებთან შედარებით, საქართველოსთვის დაკლებულ ერთ ქულას, მინისტრმა აღნიშნა, რომ მხოლოდ 1 ქულა ვითარებას არ ცვლის და მთავარია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, საქართველო მტკიცედ არის აღიარებული რეგიონში ლიდერად.